საპატრიარქო: მამალაძეს მოუწევს უპასუხოს სინოდს იმ ცილისწამებისთვის, რასაც ავრცელებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მალაძეს აუცილებლად მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს იმ ცილისწამებების გამო, რასაც საპატრიარქოს განცხადებით, თითქმის ორი წელია ავრცელებს, ან მისი სახელით ავრცელებენ.

განცხადებაში, რომელიც საპატრიარქომ გაავრცელა ასევ ნათქვამია, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს რამდენიმე მიზეზით იკავებდნენ. კერძოდ, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საპატრიარქოში საქმის მასალებს არ იცნობენ და თავს იკავებენ განცხადებებისგან, რათა დაკავებულს დამატებითი ზიანი არ მიადგეს:

“საქართველოს საპატრიარქოს თავისი პოზიცია დღემდე არ დაუფიქსირებია ორი მიზეზის გამო: არ იცნობს გამოძიების მასალებს და ამასთან, თავს იკავებს განცხადებებისაგან, რომ ნებსით თუ უნებლიედ, დამატებითი ზიანი არ მიეყენოს დაკავებულს.
ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ, ფაქტიურად, სამი ინსტანციის სასამართლომ დეკ. გიორგი მამალაძეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.
ჩვენ ვერ შევაფასებთ სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ მხარეს, მაგრამ შევნიშნავთ, რომ, სამწუხაროდ, როგორც დეკანოზი გიორგი მამალაძე, ისე მისი ინტერესების დამცველები მედიასთან ურთიერთობაში სიცრუეს მუდმივად იყენებენ და ხალხი შეცდომაში შეჰყავთ.
სიცრუეა ისიც, თითქოს საქართველოს საპატრიარქოში მილიონობით თანხებზე ხდება კორუფციული გარიგებები და რომ დეკანოზი ამის მხილებას შეეწირა” – ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ეკლესია არავის დაპატიმრების მოსურნე არაა და ეს დეკანოზ გიორგი მამალაძესაც ეხება:

“საერთოდ, ეკლესია არავისი დაპატიმრების მოსურნე არ არის; ამისთვის იმ ადამიანებსაც არ იმეტებს, რომელთაც მორალურად, თუ მატერიალურად სერიოზული ზიანი მიაყენეს მას. რატომ იქნება იგი მამალაძის დაჭერის მომხრე, ან რატომ არ დაიცავს მას, თუ ამის საფუძველი მიეცემა?!
ჩვენ არ ვიცით, შეიწყალებენ თუ არა მამალაძეს, მაგრამ მას აუცილებლად მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს იმ ცილისწამებების გამო, რასაც თითქმის ორი წელია ავრცელებს, ან მისი სახელით ავრცელებენ” – ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.