ახალი ამბები

ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში ლარი მკვეთრად უფასურდება

10 აგვისტო, 2018 •
ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში ლარი მკვეთრად უფასურდება

ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში ლარი აშშ დოლართან მიმართებით 10 აგვისტოს დილიდან უფასურდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.46 ლარია, თუმცა ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში არსებული მონაცემები ოფიციალური კურსისგან მკვეთრად განსხვავდება.

ამ დროისთვის, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.49-დან 2.55 ლარამდე მერყეობს. როგორც “ნეტგაზეთს” ჯიხურებში უცხადებენ, მონაცემების შეცვლა სწრაფად უწევთ, ვინაიდან დილიდან ლარის კურსი მუდმივად იცვლება.

ოფიციალური კურსისგან მკვეთრად განსხვავებული კურსი აქვს საქართველოს ბანკსაც, სადაც 1 აშშ დოლარის ყიდვის ღირებულება 2.52 ლარია, გაყიდვის კი 2.62 ლარი. TBC ბანკში კი დოლარს 2.51 ლარად აფასებენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემი, რომლის მიხედვითაც 1 აშშ დოლარი 2.46 ლარია, 9 აგვისტოს გამოქვეყნდა. ის რამდენიმე საათში განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი