პრეზიდენტს დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით 9 აგვისტოს მიმართავენ

ხვალ, 9 აგვისტოს, ე.წ ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავენ. დეკანოზის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, შეწყალების თხოვნით მიმართვა არ ნიშნავს იმას, რომ მსჯავდებული გიორგი მამალაძე ბრალს აღიარებს. ადვოკატი განმარტავს, რომ საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტი გიორგი მამალაძისთვის ერთადერთი ნათელი წერტილია და იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი ე.წ ციანიდის საქმეზე დაკავებულს შეიწყალებს.

“გიორგი მამალაძე თავს უდანაშაულოდ ცნობს. უბრალოდ, სანამ სტრასბურგი მიიღებს გამამართლებელ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი მართლმსაჯულებითვის დიდი სირცხვილი იქნება, გვინდა მამა გიორგი გათავისუფლდეს. ამის გამო ვაპირებთ შეწყალების თხოვნით მივმართოთ პრეზიდენტს. სტრასბურგის სასამართლოს საქმის განსახილველად დროს სჭირდება და არ გვინდა მამა გიორგის დრო დაეკარგოს,” – უთხრა “ნეტგაზეთს” მიხეილ რამიშვილმა.

2 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს შემდგომში განიხილავს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გიორგი მამალაძის საქმე წარმოებაში არ მიიღო. გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დავას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებენ.