დეკანოზი მამალაძე: შემომთავაზეს, თუ გავჩუმდები და ქვეყანას დავტოვებ, გამათავისუფლებდნენ

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალძე აცხადებს, რომ მას დუმილისა და ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ, პატიმრობიდან გათავისუფლება შესთავაზეს.

დაკავებულმა დეკანოზმა “კურიერისთვის” მიცემულ ინტერვიუში ქორეპოსკოპოს იაკობის 2 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ განცხადებით კარგად ჩანს, რომ დეკანოზი პატიმრობაში დარჩება თუ არა, ქორეპოსკოპოს იაკობზეა დამოკიდებული:

“მეუფე იაკობის განცხადებები, მიანიშნებს რომ ჩემი პატიმრობა თუ არ პატიმრობა მეუფე იაკობის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. მეუფე იაკობის გუშინდელი განცხადება ნაწილობრივ მიანიშნებდა იმაზე, რომ ის შეშინებულია და არ სურს ჩემი გამოსვლა. “რუსთავი 2-ის” ეთერში ვაშინგტონიდან მან განაცხადა, რომ ის თანახმაა მოხდეს ჩემი შეწყალება ოღონდ მე არ უნდა ვისაუბრო.

მეტს გეტყვით, შემომთავაზეს, თუ გავჩუმდები და ქვეყანას დავტოვებ, მე გამათავისუფლებენ. შეწყალება იქნებოდა, თუ როგორ მოხდებოდა ეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ასე ვთქვათ, მოხდებოდა ჩემი საპყრობილედან გათავისუფლება იმის სანაცვლოდ, რომ მე დუმილი შემენარჩუნებინა და დროებით მაინც დამეტოვებინა საქართველო” – ამბობს დეკანოზი “კურიერთან”.

დეკანოზის თქმით, მისთვის ეს შეთავაზება მიუღებელია და გაჩუმებას არ გეგმავს.

2 აგვისტოს ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ, ქორეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა, რომ ეკლესიაში რომ სჯეროდეთ დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობის, ციხიდან თავად გმაოიყვანდნენ:

“ეკლესიას რომ გვჯეროდეს, რომ [დეკანოზი გიორგი მამალაძე] უდანაშულოა, ჩვენ გამოვიყვანდით აქამდე. მატყუარა ადამიანია, რა უნდა ვთქვა. ვინც მას ვიცნობთ და ვინც ვიცით რას აკეთებდა, ჩვენ არ შევალთ [მის მოსანახულებლად]” – ამბობს ქორეპისკოპოსი ჟურნალისტებთან საუბრისას.