31 ივლისს ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბას“ ჟიურიმ ხუთი ნომინაციის ფინალისტები დაასახელა. წელს „საბა“ მეთექვსმეტედ ჩატარდება და ის პრემიის ისტორიაში განსაკუთრებული იქნება.
წელს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება. ქართული პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული ღონისძიება სწორედ პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონია იქნება, რომელიც 2018 წლის 12 ოქტომბერს, ქ. ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში, Kaisersaal-ში ჩატარდება. ქართველ ავტორებთან, გამომცემლობებთან, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, დაჯილდოებას უცხოელი სტუმრებიც დაესწრებიან.
ცერემონიის საორგანიზაციო ნაწილში „საბას“ პარტნიორი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრია. დაჯილდოებას პირდაპირ ეთერში ტვ პირველი“, ხოლო ფეისბუკზე თიბისი ბანკისა და „საბას“ გვერდებზე შეგიძლიათ უყუროთ.
„საბა“ ყველაზე მასშტაბური ქართული ლიტერატურული კონკურსია. ის წელს ქვეყნის ფარგლებს გასცდება და უფრო მასშტაბური იქნება. „საბა“ სახალხო პროექტია და მისით საერთაშორისო ლიტერატურული წრეები არიან დაინტერესებული,“ – ამბობს ელექტრონული წიგნების სახლი „საბას“ დირექტორი ირინა ჯავახაძე.
წინა წლების მსგავსად „საბა“ ზრდას აგრძელებს და წელს ჯილდო 10 ნომინაციაში გაიცემა. ირინა ჯავახაძის განმარტებით, რადგან კონკურსი ნაციონალური ჩარჩოებიდან გადის და საერთაშორისო ხდება, ეს ნომინაციების შინაარსზეც აისახა. წლევანდელი კონკურსის კატეგორიები ასეთია:
წელს პრემია არ გაიცემა საუკეთესო კრიტიკისა და დრამატურგიის ნომინაციაში. „ამ ორ ნომინაციაში შემოსული ტექსტები შეჯამდება და პრემია მომავალ წელს გაიცემა“, – ამბობს ირინა ჯავახაძე.
31 ივლისს პრემია „საბას“ ჟიურიმ 5 ნომინაციის ფინალისტები დაასახელა.
წლის საუკეთესო რომანი
წლის საუკეთესო პროზაული კრებული
წლის საუკეთესო პოეტური კრებული
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
„საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტების ვინაობა მოგვიანებით, სექტემბერში გასაჯაროვდება. რაც შეეხება ბოლო 4 ნომინაციას – მათი გამარჯვებული, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე, 12 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
თიბისი ბანკმა „საბა“ 2003 წელს დააფუძნა. ამ ხნის განმავლობაში კონკურსის ფარგლებში 3800 წიგნი განიხილეს და 127 პრემია გაიცა, ჯამში 500 ათასი ლარის ოდენობით.
„კონკურსი 16 წელია ტარდება. მის მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესი არსებობს. ყოველწლიურად იზრდება ნომინაციებისა და წარდგენილი წიგნების რაოდენობა. საბას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ლიტერატურის განვითარების პროცესში,“ – ამბობს ირინა ჯავახაძე.
პოეტმა პაატა შამუგიამ პრემია „საბა“ აქამდე ორჯერ მიიღო.
„ქალაქიდან გასული ვიყავი და სრული სია არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ცუდი ხალხი არ იქნება. ფრანკფურტში საპატიო სტუმრის სტატუსი გვაქვს და ჩვენი სახელით განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა კარგი იქნება. ჩვენ უნდა ვეცადოთ და თავი კარგად წარვადგინოთ“, – აღნიშნავს პაატა შამუგია.
თეონა დოლენჯაშვილმა პრემია „საბა“ პირველი გამოცემული წიგნით, დებიუტის ნომინაციაში 2006 წელს აიღო. პრემია მეორედ 2009 წელს, საუკეთესო რომანის ნომინაციაში გადასცეს. წელს მას „პერსონალური ქრისტეთი“ პრემიის მესამედ აღების დიდი შანსი აქვს. მისი თქმით, ფინალურ სიაში, როგორც წესი, კარგი ლიტერატურა ხვდება:
„წელს ძალიან მოკლე ფინალური სიაა. მე ორჯერ ვიყავი „საბას“ ჟიურის წევრი და ვიცი რა შრომატევადი საქმეა. სხვა კონკურსებშიც გამიმარჯვია, მაგრამ ამ პრემიის მიმართ განსაკუთრებული სენტიმენტები მაქვს. ასეთი კონკურსი ლიტერატურულ პროცესს სჭირდება.“
„საბას“ დაფუძნებიდან 15 წელია გასული. ყველაზე ავტორიტეტული ლიტერატურული პრემია საქართველოში, ელექტრონული წიგნების წამყვანი ინოვაციური ვებ-პლატფორმა და სოციალურ-ლიტერატურული პროექტები – ასეთია “საბას” 15-წლიანი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.
ნახევარი მილიონი ლიტერატურის განვითარებისთვის – “საბას” 15 წელი