წინასაარჩევნოდ ბევრი საკითხი ბუნდოვანია – NDI -ის დელეგაცია

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის დაკვირვებით, წინასაარჩევნოდ ბევრი საკითხი კვლავ ბუნდოვანია – არჩევნების თარიღი, მმართველი პარტიის კანდიდატი, ამჟამინდელი პრეზიდენტის გადაწყვეტილება და სხვა. 

ორგანიზაციის შეფასებით, პრეზიდენტის ინსტიტუტის შეზღუდული ფუნქციების გამო, პარტიების მოსაზრებები არჩევნების მნიშვნელობასთან დაკავშირებით იყოფა, რაც საზოგადოებას წინააღმდეგობრივ გზავნილებს აწვდის. თავად NDI მიიჩნევს, რომ შემცირებული პასუხისმგებლობების ფონზეც კი, პრეზიდენტს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მანდატი გააჩნია – წარმოადგინოს მოქალაქეები და ეროვნული მნიშვნელობის მქონე საკითხების ირგვლივ დისკუსიები წამოჭრას. ოპოზიციური პარტიები ასევე აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, მთავრობა დამატებით გააკონტროლოს და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქვეყანა წარმოადგინოს.

“საპრეზიდენტო არჩევნები არის შესაძლებლობა კანდიდატებისა და პარტიებისთვის, წარმოადგინონ დამარწმუნებელი ხედვა, რათა მუხტი შემოიტანონ საზოგადოებაში, რომელიც პოლიტიკური ლიდერებით იმედგაცრუებულია. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციები ადამიანების ყოველდღიური ზრუნვის საკითხების – განსაკუთრებით, ეკონომიკის – ჭრილში იქნას განხილული; თუმცა ისეთი დაპირებების გაცემის გარეშე, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას სცილდება”,- აცხადებს NDI. 

ორგანიზაცია მიიჩნეევს, რომ დიდი ხნის განმავლობაში არსებული პრობლემები კვლავ გადაუწყვეტელი რჩება, მაგალითად, რესურსები და დაშინება.

რესურსების ნაწილში ეს არათანაბარ შემოწირულობებს და ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენებას გულისხმობს, ხოლო დაშინების სავარაუდო ფაქტები და ძალადობის (თუმცა იშვიათი) ინციდენტების გამოძიების არდასრულება დაუსჯელობის გზავნილს აგზავნის და საარჩევნო გარემოში შიშის ელემენტი შემოაქვს. 

დამატებით გამოწვევებს ასევე წარმოადგენს – საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილება, ხმების დათვლის და ბიულეტენების შეჯამების პროცედურების დამატებითი განმარტება და საჩივრების განხილვა. მათი გადაწყვეტა სამართლებრივი და პროცედურული ღონისძიებების გატარებით არის შესაძლებელი.

დელეგაციამ ანგარიშში წარმოადგინა რეკომენდაციები, რომელთა შესრულება არჩევნებამდე არის შესაძლებელი. 

დელეგაციას მიაჩნია, რომ არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება და საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებას შეუწყობს ხელს. დელეგაცია ხაზს უსვამს, რომ არ ერევა საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში და მიიჩნევს, რომ არჩევნების სანდოობასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საბოლოოდ საქართველოს მოსახლეობა შეაფასებს.