ადგილობრივების თქმით, ხაიშში სიტუაცია დაძაბულია, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება კი გრძელდება

ხაიშში ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკება გრძელდება, თუმცა, ადგილობრივების თქმით, სიტუაცია ძალიან დაძაბულია, მოსახლეობა კი, “გამწარებული”.

“მოლაპარაკება გრძელდება, მასში სოზარ სუბარის გარდა სამხარეო ხელისუფლებაც იღებს მონაწილეობას. სიტუაცია ამ დროისთვის უცვლელად დაძაბულია, ჯერჯერობით არაფერი ვიცით, თუმცა ვეძებთ გამოსავალს. პოლიციის შენობაში არიან, არავინ გამოსულა იქიდან,” – უთხრა ნეტგაზეთს ადგილობრივმა გარი ჩხვიმიანმა.

ადგილობრივებთან შეხვედრაზე იმყოფება რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველo სოზარ სუბარი, რომელმაც შესვლამდე განაცხადა, რომ ეცდება ადგილობრივებთან საერთო გამოსავალი ნახოს, ან მათ მიერ ხის მოპოვება კანონიერ ჩარჩოებში მოექცეს. თუმცა დასძინა, რომ “კანონი უნდა კანონობდეს” და მოსახლეობის ერთ ნაწილისთვის “განსხვავებული კანონი” ვერ იარსებებს.