თუ ასეთი ფაქტი მოხდა, მიმართონ გენინსპექციას – შსს იარაღით შესაძლო მუქარაზე

ხაიშის სკოლის მათემატიკის მასწავლებლი და აქტივისტი, ზურაბ ნიჟარაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ შელაპარაკების დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა იარაღი გადატენა და ადგილობრივს შუბლზე მიაბჯინა. ნეტგაზეთმა ჰკითხა შსს-ს, თუ დაიწყო აღნიშნულზე მოკლევა.

“თუ მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა, მიმართონ გენინსპექციას და შესაბამისი რეაგირება მოხდება,” – გვპასუხობენ შსს-ში.

როგორც ნიჟარაძე ამბობს, იმის შემდეგ, რაც პოლიციელი ადგილობრივს თოფით დაემუქრა, სიტუაცია დაიძაბა.

“ამაზე განერვიულდა იქ ყველა და კიდევ კარგი, ისევ ადგილობრივს დახმარებით გაარიდეს ის იქიდან… საბედნიეროდ, არაფერი მოხდა და ქართველებმა კიდევ ერთხელ არ დავხოცეთ ერთმანეთი. დაკავებით არავინ დაუკავებიათ.”

დაპირისპირების შემდეგ ხაიშსა და ჭუბერში ასობით პოლიციელი შეიყვანეს. ამჟამად ხაიშის ცენტრი გადაკეტილია, სადაც დაახლოებით 200 ადგილობრივი და გაცილებით მეტი სამართალდამცველი იმყოფება.