ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობა საგამოძიებო ღონისძიებებში ხელს გვიშლის – ფინანსური პოლიცია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მათი თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ახორციელებენ ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში:

“ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება ხე-ტყის გადამამუშავებელი და ხის მასალის რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმება, ასევე რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა.

ანალოგიური ღონისძიებები მიმდინარეობს სოფლებში ჭუბერსა და ხაიშში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ხელს უშლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მათზე დაკისრებული მოვალეობის განხორციელებაში, რის გამოც, აღნიშნულ სოფლებში ამ დროისთვის, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოების და საქმიანობის სრულყოფილად შესრულების მიზნით საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება.”

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ივლისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს და დააკავეს 15 პირი.

ფინანსთა სამინისტროს ასგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით.