საპატრიარქოს განცხადებით, ბერის ნაწილებს 22 თებერვალს, 12:00 საათზე საფლავიდან ამოასვენებენ. ნეშტს ჯერ სამთავროს ფერისცვალების ტაძარში განათავსებენ, ხოლო 18:00 საათზე სვეტიცხოველში გადაიტანენ.
საზეიმო ლოცვა სვეტიცხოვლში, რომელსაც პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს, შაბათს, 19:00 საათზე დაიწყება. ხოლო საზეიმო წირვა კვირას, 10:00 საათზეა დაგეგმილი. წირვა-ლოცვას ილია მეორესთან ერთად მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრებიც დაესწრებიან.
საპატრიარქოს განცხადებით, გაბრიელ ბერი სამთავროს ფერისცვალების ტაძარში დაიკრძალება:
“გაბრიელ ბერის საფლავის გახსნამდე, 20 თებერვალს, 17:00 საათზე, ბეთანიაში მამა გაბრიელის მოძღვრის, ღირსი მამა გიორგი-იოანეს (მხეიძე) და ღირსი მამა იოანეს (მაისურაძე) საფლავებსაც გახნიან და მათ ნეშტებიც დასვენდება ბეთანიის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძარში.”
იმავე დღეს, 19:00 საათზე, მათ საპატივსაცემოდ დაიწყება საზეიმო ლოცვა, ხოლო 24:00 საათზე, საზეიმო წირვა ღამისთევით. საპატრიარქოს ცნობით, წირვა-ლოცვა და პარაკლისები შემდეგ დღეებშიც ჩატარდება.