ახალი ამბები

ქუჩაში მცხოვრები გოგოების ნაწილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია – UNICEF-ის კვლევა

24 ივლისი, 2018 •
ქუჩაში მცხოვრები გოგოების ნაწილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია – UNICEF-ის კვლევა

UNICEF-ის ახალი კვლევის თანახმად, თბილისში მოქმედი ერთ-ერთი დაჯგუფების ყოფილი წევრების ჩვენების მიხედვით, არასრულწლოვანი გოგოები ვალდებულნი იყვნენ, სექსუალური მომსახურება გაეწიათ დაჯგუფების უფროსი წევრებისთვის.

სხვა დაჯგუფებების ყოფილი წევრები ამბობენ, რომ თავიანთი შემოსავლის ნაწილს სექსუალური მომსახურების საფასურის გადასახდელად იყენებდნენ.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, საქართველოს ქუჩის ბავშვების ჯგუფებისთვის, შესაძლოა, სექსუალური დაჯილდოების სისტემა იყოს დამახასიათებელი, რაც გოგოებს აყენებს ძალადობის რისკის წინაშე.

“ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, ქუჩის ბავშვები სექსუალური ძალადობის შედეგად ტრავმირებულნი უნდა იყვნენ. ეს არაერთხელ აღნიშნეს კვლევის ფარგლებში გამოკითხულმა ფსიქოლოგებმა. ბავშვებისა და სოციალური მუშაკების მიერ დასახელებული იყო სხვა სახის, ძალადობითა და ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებით გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავმებიც,” – ვკითხულობთ კვლევაში.

UNICEF-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წარმოდგენილია ის ძირითადი მიგნებები, რომლებიც გამოვლინდა საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობის კვლევის შედეგად.

დოკუმენტში აგრეთვე მოცემულია აზერბაიჯანში არსებული სიტუაციის გარკვეული ასპექტების ხედვაც. კვლევა განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ევროკავშირთან, ვორლდვიჟენთან, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსთან, კარიტას საქართველოსთან, გაეროს ბავშვთა ფონდის აზერბაიჯანის ოფისსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად.

მასალების გადაბეჭდვის წესი