სახელმძღვანელოებს სავარაუდოდ ქართული სტამბების გაერთიანება დაბეჭდავს

ახალ გრიფმინიჭებულ (I-VI კლასების) სახელმძღვანელოების დაბეჭდვაზე გამოცხადებულ ტენდერში დისკვალიფიკაცია მიენიჭა თურქულ კომპანიას, რომელსაც ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზება ჰქონდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ტენდერის ფარგლებში წიგნებს დიდი ალბათობით დაბეჭდავს ქართული სტამბებისაგან შემდგარი კონსორციუმი.

ტენდერის სტატუსის თანახმად, ამჟამად ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ სწორედ ქართული სტამბების გაერთიანებასთან გაფორმდება.

განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა სსიპ-მა, “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ” სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე ტენდერი 2 ივლისს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი, 14 ივლისს დაიწყო, რაც სამ დღეს გაგრძელდა და 17 ივლისს დასრულდა. ტენდერი გამოცხადდა 2 569 744 ცალი სახელმძღვანელოს და 1 298 447 ცალი რვეულის ბეჭდვაზე.

ტენდერში მონაწილეობა სულ სამმა კომპანიამ მიიღო. მათგან პრეისკურანტით ყველაზე ნაკლები თანხა თურქულმა კომპანიამ შესთავაზა.

ჯამური შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება 12 726 142.00 ლარია. ვრცლად ტენდერის პირობების შესახებ ნახეთ აქ.

ტენდერის პრინციპის თანახმად, უპირატესობა იმ პრეტენდენტს ენიჭება, ვისაც ყველაზე დაბალი შეთავაზება აქვს, თუმცა სატენდერო კომისიამ თურქულ კომპანიას დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა მოსთხოვა და ამისთვის ერთი სამუშაო დღე განუსაზღვრა. დაზუსტებული დოკუმენტაცია კომისიამ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ შეაფასა და კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

სატენდერო კომისიამ თურქულ კომპანიას სამი მოთხოვნა წაუყენა, რომლის შესახებაც დოკუმენტაცია უნდა წარედგინა. წარდგენილი მასალიდან სატენდერო კომისიამ ორ მოთხოვნაში მიიჩნია, რომ დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებდა სატენდერო მოთხოვნებს:

გამოცხადებული ტენდერი ჯერჯერობით დასრულებული არაა, თუმცა ატვირთულ ფაილებში არის დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, სტამბების გაერთიანების დირექტორს, შორენა შავერდაშვილს აცნობებენ იმის შესახებ, რომ კონსორციუმის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება მოთხოვნებს და ხელშეკრულების გასაფორმებლად იბარებენ.

კონსორციუმი, რომელთანაც სავარაუდოდ ხელშეკრულება გაფორმდება, ერთი თვის წინ დარეგისტრირდა. მისი დამფუძნებელი 6 სტამბაა:

სეზანი;
ფავორიტი სტილი;
გამომცემლობა კოლორი;
მვპ პრინტი;
გაზეთი საქართველოს მაცნე;
ფორმა.

გასულ წელს, როდესაც 2017-18 წლებისთვის სახელმძღვანელოები უნდა დაბეჭდილიყო, ტენდერში მონაწილე თურქულ კომპანიას, რომელსაც ყველაზე დაბალი ფასით ჰქონდა შეთავაზება, დისკვალიფიკაცია მიენიჭა, დოკუმენტების დაწუნების გამო. შარშან სასკოლო სახელმძღვანელოები დაბეჭდა სტამბა სეზანმა ქვეკონტრაქტორებთან ერთად.