3 მილიონ ლარად შეძენილი 136 ნივა საჯარო უწყებებში – TI-ის კვლევა

ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს საჯარო უწყებებმა 3 მილიონ ლარამდე ღირებულების რუსული “ნივა” კომპანია “გლობალ მოტორს ჯორჯია – ჯი ემ ჯისგან” შეისყიდეს – ამას ამბობს “საერთაშორის გამჭვირვალეობა – საქართველოს” მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევა.

ორგანიზაციის განცხადებით, ამ პროცესში სხვა ავტომწარმოებლები, როგორც წესი, არ მონაწილეობდნენ, რადგან შემსყიდველ ორგანიზაციებს სატენდერო დოკუმენტაცია, ფაქტობრივად, მორგებული ჰქონდათ “ნივაზე” – მითითებული იყო ძალიან დაბალი ფასი და მარტივად დასაკმაყოფილებელი ტექნიკური პირობები.

კვლევის თანახმად, კომპანია “გლობალ მოტორს ჯორჯია – ჯი ემ ჯი” 2011 წელს დაფუძნდა, სახელმწიფო შესყიდვებში კი მონაწილეობას 2012 წლის ბოლოდან იღებს. ის სახელმწიფო უწყებებს რუსული წარმოების “ნივას” აწვდის.

2012-2018 წლებში სხვადასხვა საჯარო უწყებამ, ჯამში, 3 მილიონ ლარამდე ღირებულების 136 “ნივა” შეიძინა .

[checklist]

[/checklist]

კვლევის თანახმად, ერთი შემთხვევის გარდა ყველა ტენდერში, სადაც კომპანია “გლობალ მოტორს ჯორჯია – ჯი ემ ჯიმ” გაიმარჯვა, კომპანია კონკურენტების გარეშე იყო, ამის მიზეზი კი გამოცხადებული ტენდერების ტექნიკური პირობები და შესყიდვის ღირებულება გახდა.

“გლობალ მოტორს ჯორჯია – ჯი ემ ჯის“ მიერ ნივით მოგებულ ტენდერებში ავტომობილის საგარანტიო პერიოდად 6 თვე (ან 35 000 კილომეტრის გავლამდე) ან 1 წელია მითითებული.

“ჩვეულებრივ, როდესაც მსუბუქი ავტომობილების სახელმწიფო შესყიდვებში ნივა არ მონაწილეობს, სახელმწიფო უწყებებს შესასყიდი ავტომობილის საგარანტიო პირობად ერთ წელზე მეტი აქვთ მითითებული. მეტიც, სრულ ავტომობილზე საგარანტიო პირობად 3 წელი (ან 150 000 კილომეტრი), ხოლო ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) 5 წელია მითითებული”, – ამბობს ორგანიზაცია.

“გლობალ მოტორს ჯორჯია – ჯი ემ ჯის”დამფუძნებლის, გოჩა როსტიაშვილის პოლიტიკოსებთან კავშირზე ერთი თვის წინ სტუდია “მონიტორმა” გამოაქვეყნა სიუჟეტი. გოჩა როსტიაშვილი „ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს წევრის, შალვა ობგაიძის დეიდაშვილია.

“გარდა იმისა, რომ მრავალჯერ უკონკურენტოდ მოგებული ტენდერები გარკვეულ გარიგებასა და მორგებულ ტენდერებზე აჩენს ეჭვს და ამასთან, ნივას შესყიდვაზე დახარჯული თანხის ეფექტიანობა სათუოა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – რამდენად მიზანშეწონილია, რომ ოკუპანტ ქვეყანაში, რუსეთში წარმოებული პროდუქციის შესყიდვაზე სახელმწიფო ფინანსები იხარჯებოდეს? საერთაშორისო პრაქტიკაში გვხვდება შემთხვევები, როდესაც გარკვეული ქვეყნები მათ მიმართ მტრულად განწყობილი (მით უმეტეს, ოკუპანტი) ქვეყნისგან პროდუქციის შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტის ფულის დახარჯვაზე უარს ამბობენ”, – აცხადებს ორგანიზაცია.

რეკომენდაციები:

[checklist]

[/checklist]