ომბუდსმენი ხორავას საქმეზე შესაძლო სამოხელეო დანაშაულის გამოძიებას მოითხოვს

სახალხო დამცველი ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის ფაქტებზე გამოძიების დაწყების წინადადებით მთავარ პროკურატურას მიმართავს.

ეს განცხადება ნინო ლომჯარიამ დღეს, 12 ივლისს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველმა შეისწავლა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმე და გამოძიებაში არაერთი ხარვეზი გამოავლინა, რომელთა შედეგადაც, სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, საგამოძიებო ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს გარდაცვლილი დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება და სასამართლოსთვის წარდგენა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შესაძლოა გამოძიების ტაქტიკა არ ემსახურებოდა დამნაშავეთა სრულად გამოვლენის საჯარო ინტერესს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დასაბუთებული არ იყო საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის, ზვიად ფხაკაძის პასუხები, რომლებიც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის წევრებს გასცა.

კერძოდ, ომბუდსმენის შეფასებით,  გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა წრემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ვერ გასცა დასაბუთებული პასუხი, თუ რატომ არ ჩაატარა, ან რატომ ჩაატარა დაგვიანებით კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები; რატომ არ ჩაატარა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები მთავარი ფიგურანტების მიმართ, რაც ჩაატარა სხვა პირების ,მათ შორის, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურანტების მიმართ.

“სახალხო დამცველის აპარატისთვის გაუგებარია, კერძოდ რა სტრატეგია და ლეგიტიმური მიზანი განაპირობებდა გამოძიების პასიურობას სხვადასხვა მიმართულებით. ჩაუტარებელი ან დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ჩამონათვალი გამოძიებამ არ ჩაატარა ან დაგვიანებით ჩაატარა ის საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც დამნაშავეთა გამოსავლენად შედარებით და გაცილებით მაღალ ალბათობას შექმნიდა” – თქვა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის შეფასებით, ჩაუტარებელი ან დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ჩამონათვალი:

[crosslist]

ომბუდსმენის შეფასებით, ამ ჩამონათვალზე დაყრდნობით,  ლეგიტიმური ეჭვები ჩნდება, რომ  რომ გამოძიების ტაქტიკა არ იყო ეფექტური:

“შედეგად მივიღეთ არაეფექტური გამოძიება, რაც ადამიანის ძირითადი უფლების დარღვევის საფუძველია. სახალხო დამცველის აპარატის შემოწმების შედეგებით იკვეთება რომ სახეზეა სამოხელეო დანაშაულის ერთ–ერთი ან ორივე შემადგენლობა:

სამსახურებრივი გულგრილობა, ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, იმის მიხედვით სუბიექტური მხარის რა ნიშნები იკვეთება ქმედებათა უკან – განზრახ არაეფექტიანი გამოძიება თუ გაუფრთხილებლობით, არაპროფესიონალური მიდგომა ან/და ზერელე დამოკიდებულება დაკისრებული უფლება მოვალეობების შესასრულებლად” – აცხადებს სახალხო დამცველი.

გამომდინარე აქედან,  სახალხო დამცველი წინადადებით მიმართავს საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება დანაშაულის ფაქტზე, რომელიც სავარაუდოდ ჩადენილია გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ ცალკეული დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის არიდების მიზნით ან/და მოვალეობების შესრულების მიმართ გულგრილი დამოკიდებულებით.