ახალი ამბები

ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება რეფორმები განათლების ხუთივე საფეხურზე – ბატიაშვილი

12 ივლისი, 2018 • 4583
ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება რეფორმები განათლების ხუთივე საფეხურზე – ბატიაშვილი

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 12 ივლისს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პოზიციაზე მიხეილ ბატიაშვილი წარადგინა. ბატიაშვილი ამ დრომდე “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის” რექტორი და ერთ-ერთი მეწილე იყო. მანამდე, 2013-15 წლებში კი, ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის პოზიციას იკავებდა.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მისი პრიორიტეტი განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სხვა სფეროებში ძირეული რეფორმების გატარება იქნება. მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯები უმოკლეს პერიოდში გადაიდგმება.

“მოგეხსენებათ, განათლება, მეცნიერება, კულტურა და სპორრტი, ესაა ის სფეროები, რომლებიც ხელს უნდა უწყობდეს ადამიანური კაპიტალის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ძირეული ცვლილებები, რეფორმების გატარება განათლების ხუთივე საფეხურზე, რომელმაც უნდა მოგვცეს ახალი სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე. იმიტომ, რომ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ეკონომიკის განვითარება, ჩვენი ახალგაზრდების წარმატება და ისეთ დიდ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას საერთაშორისო ეკონომიკაში.

ვფიქრობთ, რომ როგორც განათლების მიმართულებით, ისე ყველა ამ სფეროში, გატარდება მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც დაიწყება უმოკლეს პერიოდში და ორიენტირებული იქნება, რაც ყველაზე მთავარია, სწრაფ შედეგზე და გრძელვადიან პერპსექტივაში იმ ეფექტზე, რომელმაც უნდა მოგვცეს ის ადამიანური კაპიტალი, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე”, – აღნიშნა ბატიაშვილმა.


მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობაში, სადაც 10 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება, მხოლოდ სამი ახალი მინისტრი წარადგინა.

კერძოდ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი იქნება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს დაიკავებს გიორგი ქობულია, გლობალური საკონსულტაციო კომპანია “მაკკინზის” უფროსი პარტნიორი.

სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახი კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდება, აღნიშნული სამინისტრო კი იუსტიციის სამინისტროს უერთდება. რაც შეეხება კულტურის სამინისტროს, ის განათლების სამინისტროსთან გაერთიანდა, თუმცა უცნობია, რა ბედი ეწევა მინისტრ მიხეილ გიორგაძეს.

შემცირებული სამინისტროები და მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტმა უახლოეს მომავალში უნდა დაამტკიცოს.

მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი წევრები წარადგინა – სრული სია

მასალების გადაბეჭდვის წესი