ახალი ამბები

განათლების სამინისტრო გრიფირების პროცესში მინისტრის მოადგილის დის მონაწილეობას უარყოფს

4 ივლისი, 2018 • 2853
განათლების სამინისტრო  გრიფირების პროცესში მინისტრის მოადგილის დის მონაწილეობას უარყოფს

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესის გარშემო ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება. უწყების თქმით, რამდენიმე გამომცემლობის “ურთიერთდაპირისპირებული პრეტენზიები” მთლიანად გრიფირების პროტესტს აყენებს ჩრდილს.

პროცესთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება სტუდია “მონიტორმა” მოამზადა. ფილმის მიხედვით,  გრიფირების კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი სახელმძღვანელოს( ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ) თანაავტორი განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის და – ტრენერი და პედაგოგი ლალი გიგაურია; ეს კი ინტერესთა კონფლიქტს ქმნის და კანონდარღვევაა.

ამასთანავე, ფილმში გამომცემლობა “დიოგენეს” დირექტორი ამტკიცებს, რომ გიგაურსწვდომა ჰქონდა გამომცემლობის წიგნის კონფიდენციალურ ინფორმაციაზე. “დიოგენეში” ამბობენ, რომ სავარაუდოდ, განათლების სამინისტროდან ინფორმაციის გაჟონვის გამო, გრიფირების პროცესში მინისტრის მოადგილის დას “გუგლ დრაივზე”, მათი წიგნის ელექტრონულ ვერსიაზე ჰქონდა წვდომა, წიგნის ერთ-ერთი რეცენზენტიც იყო და დაბალ შეფასებებს წერდა. “დიოგენემ” სამინისტროში შესაბამისი ვიდეომასალც გაგზავნა.

განათლების მინისტრის მოადგილემ, თემურ მურღულიამ ზემოაღნიშლზე საუბრისას გამორიცხა გრიფირების პროცესზე კონკრეტულ პირთა გავლენა. მისი თქმით, სახელმძღვანელოებს 180-მდე პედაგოგი აფასებს, თითოეულ ჯგუფში 5 ადამიანია და შეუძლებელია, ყველა მათგანს ერთიანი პოზიცია ჰქონდეს.

რაც შეეხება “დიოგენეს” მიერ წარმოდგენილ მასალებს, მისი თქმით, სამინისტრო აღნიშნულით დაინტერესდა და ვიდეომასალა სამხარაულის ბიუროში საკვლევად გაგზავნა.

“ჩვენ მივიღეთ ვიდეოჩანაწერი, სააპელაციო კომისიამ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, გადააგზავნოს დამატებით ექსპერტიზისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ვიდეოში ფიქსირდება რაიმე ფაქტები, ჩვენი ამოცანაა, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სამინისტროს მიღმა დამოუკიდებელ სივრცეში მოხდეს ამ მონაცემების შემოწმება და დადასტურდეს, ან უარყოფილი იქნებს… თუმცა მე პირადად დარმწუნებული ვარ, რომ შეუძლებელია ამის დადასტურება”, – აღნიშნა მურღულიამ.

თემურ მურღულიამ გრიფირების პროცესში ლალი გიგაურის რეცენზენტობაც უარყო. მანამდე, აღნიშნული ინფორმაცია სრუდია “მონიტორთან” საუბრისას არც თავად გიგაურმა დაადასტურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი