თბილისში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა [ვიდეო]

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ დაიწვა ავოტობუსის ძრავი და სალონის ნაწილი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მის შედეგად არავინ დაშავებულა.

1 ივლისიდან სავალდებულო ტექდათვალიერება სახელმწიფო უწყებების ავტოპარკსა და იურიდიული პირების კუთვნილ ავტომობილებს უწევთ. აუდიტის სამსახურის 2015-2017 წლის ანგარიშის მიხედვით, თბილისში მოძრავი ავტობუსების 56%-მა 2017 წელს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა.

დღეს, 27 ივნის,ს დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ მერიის სტრუქტურებში შემავალ იმ ავტომობილებს, რომლებიც 1 ივლისიდან სავალდებულო ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან, ხმარებიდან ამოიღებენ.

კალაძის განცხადების შემდეგ “ნეტგაზეთი” თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა. კომპანიაში განგვიცხადეს, რომ მათ ავტოპარკში შემავალ ყველა ავტობუსს, მათ შორის დიდ და პატარა ყვითელ ავტობუსებს ტექდათვალიერება გავლილი აქვთ.