2018 წლის 21 მარტს პარლამენტმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“ რეზოლუცია მიიღო. გუშინ, 26 ივნისს კი, პრემიერ-მინიტრ მამუკა ბახტაძისგან ცნობილი გახდა, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 ადამიანია შეყვანილი.
“ამ სიაში შეყვანილი არიან ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებიც მხილებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დაგეგმილ დანაშაულობებში, როგორიც არის მკვლელობა, გატაცება, წამება და ამ დანაშაულებების დაფარვა. სიაში ჯერჯერობით შეყვანილია 33 ადამიანი, რომლებიც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაულს სჩადიოდნენ,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს ევალებათ მიიღონ შესაბამისი ზომები, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში ამ სიაში შეყვანილ პირებს სავიზო, ქონებრვი და ფინანსური ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაუწესდეთ.
კონკრეტულად რაში არიან ეს ადამიანები ბრალდებულები, შეგიძლიათ ამ დოკუმენტში ნახოთ.
გიგა ოთხოზორია 19 მაისს სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მკვლელობა განახორციელა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენელმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯიოღლიმ, რომელიც დაედევნა ოთხოზორიას მას შემდეგ, რაც სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ე.წ. საზღვართან და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღით, ბოლოს კი საკონტროლო გასროლაც განახორციელა, რის შედეგადაც ოთხოზორია გარდაიცვალა, ხოლო კანჯიოღლი ისევ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართებულით წავიდა და მიიმალა.
საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს გარდაიცვალა ცხინვალში და მისი ცხედარი ქართულ მხარეს მხოლოდ რამდენიმეკვირიანი შეყოვნების შემდეგ გადასცეს.
საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს.
ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭიროო. ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა.