პარლამენტმა თვითმმართველობის კოდექსი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა თავდაპირველად კენჭი გიორგი თევდორაძისა და პავლე კუბლაშვილის მიერ წარმოდგენილ ალტერნატიულ წინადადებებს უყარა, რომლებიც კოდექსის 61-ე და 147-ე მუხლებს შეეხებოდა, თუმცა ეს წინადადებები 17 ხმით 45-ის წინააღმდეგ ჩავარდა. 

 

რის შემდეგაც პარლამენტმა კენჭი მეორე მოსმენით კოდექსს 155-ე მუხლის პირველი ნაწილის გარეშე უყარა და 84 ხმით 16-ის წინააღმდეგ მიიღო. აღნიშნული ნაწილი  მუნიციპალიტეტში საშტატო რაოდენობის შეზღუდვას ეხება და ის ხელახალი განხილვისთვის მეორე მოსმენის ეტაპზე დაბრუნდება.


მიღებული კოდექსით რეგულირდება ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ორგანიზების, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების და მისი ორგანოების, ასევე, დედაქალაქის სტატუსის და მისი უფლებამოსილებების საკითხები.

კოდექსის თანახმად, საქართველოში 5-ის ნაცვლად 12 თვითმმართველი ქალაქი იქნება, სადაც მერს პირდაპირი წესით აირჩევს მოსახლეობა.

გარდა ამისა, კოდექსში თავდაპირველად არსებული მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანებები სამხარეო საკონსულტაციო საბჭოებად გარდაიქმნება. საკონსულტაციო საბჭო მონაწილეობას მიიღებს კონსულტაციებსა და განხილვებში.