საქართველოში ბაღში ბავშვების 69.5% დადის – Unicef-ის კვლევა

Unicef-ის კვლევის თანახმად, საქართველოში, სკოლამდელ დაწესებულებაში ბავშვების 69.5% დადის. ევროპაში ეს მაჩვენებელი 95%-ს შეადგენს.

რეგიონების მიხევით იმ ბავშვების, რაოდენობა, რომლებიც საბავშვო ბაღებში დადიან, განსხვავებულია. Unicef-ის მონაცემებით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არსებულ სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვების 33% დადის. სოფლად ეს მაჩვენებელი 48.8%-ს შეადგენს.

კვლევის ავტორების ინფორმაციით, ქალაქებში მაღალია ბავშვების რაოდენობა, რომლებიც  სკოლამდელ დაწესებულებაში დადიან, ამის გამო კი თითო ჯგუფში ბავშვების რაოდენობაც დიდია. მაგალითად, თბილისში თითო ჯგუფზე საშუალოდ 39 ბავშვი მოდის, ზოგიერთ ჯგუფში კი ბავშვების რაოდენობა 60-მდეა.

კვლევის ავტორების შეფასებით, ჯგუფში ბავშვების რაოდენობის შესამცირებლად მეტი ჯგუფი და აღმზრდელია საჭირო.


კვლევა ერთობლივად ჩაატარეს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC).