აფეთქება ლონდონის მეტროში – პოლიციამ ერთი ეჭვმიტანილი დააკავა

ლონდონის პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელსაც ბრალად ედება საუსგეითის მეტროს სადგურში აფეთქება. 23 წლის ახალგაზრდა კაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

აფეთქება ლონდონის დროით 19 ივნისს, 19:00 საათზე მოხდა. სასწრაფო დახმარების ინფორმაციით, 3 დაშავებულს დახმარება ადგილზევე გაუწიეს, ხოლო 2 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიასაშუალების ცნობით, აფეთქების შედეგად, როგორც თვითმხილველები იხსენებენ, სადგური ცეცხლის ალში გაეხვა. წინასწარი ცნობით, შემთხვევა ხელნაკეთმა ასაფეთქებელმა საშუალებამ გამოიწვია, რომელიც, როგორც პოლიცია მიიჩნევს, ბურღის ბატარეისგან იყო დამზადებული.