როგორ ეხმარებოდა ფინანსურად კეზარაშვილი ნაცმოძრაობას

ნაციონალური მოძრაობის 27  დეპუტატის მიერ საფრანგეთის სასამართლოსთვის გაგზავნილი თავდებობის წერილის ასლი გაზეთმა ალიამ 16 იანვარს გამოაქვეყნა და დეპუტატებმა დაადასტურეს, რომ ის ნამდვილად მათ ეკუთვნით.  

“დავით კეზერაშვილის პატიმრობა ნიშნავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შესაძლებლობის შემცირებას დააფინანსოს პოლიტიკური აქტივობები და მონაწილეობა მიიღოს მომავალ [ადგილობრივი თვითმმართველობის] არჩევნებში”, – წერია თავდებობის წერილში.

წერილში აღნიშნულია, რომ კეზერაშვილი იყო მთავარი ორგანიზატორი პარტიისთვის ფინანსების მოძიების პროცესში.

 

თუმცა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2013 წლის საარჩევნო კამპანიის პერიოდში ნაცმოძრაობამ შემოწირულობები მხოლოდ ფიზიკური პირებისაგნ მიიღო, სულ 403 793 ლარი და იმ პირების ჩამონთვალში, ვინც პარტიას თანხა გადაურიცხა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი კეზერაშვილი არ ფიგურირებს.

 

შეეძლო თუ არა კეზერაშვილს ყოფილიყო ნაცმოძრაობის დაფინანსების მთავარი წყარო ლეგალურად და როგორ?

 

“პარტიის დაფინანსება ფიზიკური პირისთვის ჩვენი კანონმდებლობით შემოიფარგლება 60 ათასი ლარით წელიწადში, ხოლო იურიდიული პირისთვის 120 ათასი ლარით. მე არ ვიცი ნაციონალური მოძრაობა რას გულისხმობდა იმაში, რომ ერთ ადამიანზეა მათი ფინანსები ძალიან დიდწილად დამოკიდებული. თუ ამაში იგულისხმება ის, რომ მას აქვს რამდენიმე ფირმა და იქიდან ცალ–ცალკე ირიცხება თანხა, ეს არ შეიძლება. თუ აქ იგულისხმება ის, რომ როგორც პარტიის წევრი [კეზერაშვილი] კანონით დადგენილი ფარგლების დაურღვევლად არწმუნებს სხვას, რომ აი, რა კარგია ნაცმოძრაობა და მას თანხა გადაურიცხეო, ეს ჩვეულებრივი დარწმუნებითი ამბავი კანონის მიხედვით პრობლემა არ არის. თუ რას გულისხმობენ იმ ჩანაწერის მიღმა, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე.

 

ნეტგაზეთთან საუბარში ის ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით წინასწარი პატიმრობა პირისთვის შეზღუდვა არ არის, რომ სურვილის ქონის შემთხვევაში ესა თუ ის პოლიტიკური ძალა დააფინანსოს. კოჟორიძის განმარტებით, ამისათვის საჭიროა, რომ მან მინდობილობის წესი გამოიყენოს.

 

“საქართველოს კანონმდებლობით შესაძლებელია, რომ წინასწარი პატიმრობის დროს პირმა დააფინასოს პოლიტიკური პარტია. რაც შეეხება იმას, შეუძლია თუ არა ამის გაკეთება საფრანგეთში პატიმრობაში მყოფ პირს, ეს საქართველოს კანონმდებლობით უნდა გადაწყდეს. ჩვენი სტანდარტი გითხარით, იქაური კანონმდებლობით როგორ არის, ეს მე არ ვიცი, თუმცა ლოგიკას თუ დავეყრდნობით, აქაც არის ის, რომ წინასწარი პატიმრობის დროს პირს ეს შეზღუდვა არ უნდა ჰქონდეს. ძალიან მაღალი ალბათობით გეუბნებით, რომ საფრანგეთშიც ეს წესი იქნება”.

დავით კეზერაშვილი
დავით კეზერაშვილი

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი და პოლიტიკური საბჭოს წევრი მიხეილ მაჭავარიანი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ზემოხსენებულ წერილში მოყვანილი შეფასებები კეზერაშვილის როლის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, პარტიული ფინანსების მობილიზების კუთხით, გადაჭარბებული არ არის. მისი თქმით, კეზერაშვილი სწორედ ისეთ “დარწმუნებით” საქმიანობას ეწეოდა, რის შესახებაც კოჟორიძე საუბრობს:

 

“2001 წელს კეზერაშვილი ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი დამფუძნებელი იყო. შემდეგ ის მუშაობდა ძალოვან სტრუქტურებში, ამიტომ, პოლიტიკურად ვერ აქტიურობდა და როგორც კი [თავდაცვის] მინისტრის თანამდებობიდან წავიდა ბიზნესში, იყო ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი და რა თქმა უნდა, გვეხმარებოდა პარტიული ფინანსების მოზიდვაში. რას გულისხმობს ეს? თქვენ თუ გქონიათ შეხება პარტიის დაფინანსებასთან, აქ საერთოდ დგება ხოლმე რამდენიმე ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფი, ვინც ხვდებიან და ელაპარაკებიან ბიზნესმენებსა და შეძლებულ ადამიანებს, ეუბნებიან, რომ აი, ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილი დავეხმაროთ ამა და ამ პარტიას, შენ რას ფიქრობ ამაზე… ანუ ის იყო ერთ–ერთი ის ადამიანი, ვინც ამის ორგანიზებაში იყო ჩართული.  კანონის ფარგლებში მან თვითონაც დააფინანსა ნაციონალური მოძრაობა”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ ფინანსების მოძიების თვალსაზრისით გარკვეული საფრთხეები კეზერაშვილის არყოფნის პირობებში ნამდვილად არსებობს:

“2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ არც ერთმა გარე ადამიანმა თანხა არ შემოგვწირა. თუ ჩახედავთ და ნახავთ ვინ შემოგვწირა თანხა, ნახავთ, რომ ესენი არიან პარლამენტის წევრები, საკრებულოს წევრები, პარტიული მეგობრები, არც ერთი სერიოზული ბიზნესმენი ამ სიაში არ არის. დათო კეზერაშვილის დაჭერამ და დევნამ, დაამატეთ ამას ისიც, რომ არსებობს ისეთი მაგალითები, როდესაც რამდენიმე კომპანიაში შევიდნენ და პირდპაირ უთხრეს, თითქოს, მათზე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ისინი 2010 წლის არჩევნებზე, 2012 წლის არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას ეხმარებოდნენ და უთხრეს, რომ მათ შეექმნებოდათ პრობლემები თუ ამ საქმიანობას გააგრძელებდნენ. ეს ის ადმაინები არიან, ვისაც ჰქონდათ მეგობრული თუ რაღაც სხვა ურთიერთობა ნაციონალურ მოძრაობასთან, იქნება ეს სიმპატიები თუ სხვა”, – აცხადებს მაჭავარიანი და მათი უსაფრთხოების მოტივით თავს იკავებს დაასახელოს ის ადამიანები, ვისაც მისი თქმით, ახალი ხელისუფლება აშინებს და აიძულებს, რომ ნაცმოძრაობის დაფინანსებისაგან თავი შეიკავოს.

ნეტგაზეთის კითხვას, რამდენად მოდის მისი ეს ინფორმაცია შესაბამისობაში  იმ განცხადებებთან, რომელსაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სხვადასხვა ბიზნესმენი აკეთებს წნეხიდან გათავისუფლების თაობაზე (მათ შორის ამაზე საუბრობს “ვისოლის” ერთ–ერთი მფლობელი ლევან ფხაკაძე, რომელიც ახალ ხელისუფლებას მადლობასაც უხდის) მაჭავარიანი ასე პასუხობს:

“ის [ფხაკაძე] ჩვენი ხელისუფლების დროსაც ასე ამბობდა, რომ მადლობელი იყო ჩვენი ხელისუფლების, რომ მისი ბიზნესი გაიზარდა. კი, ვნახე ეს კომენტარი. არ ვიცი, ლევანს რაღაც შეიძლება კონკრეტული აქვს ზეწოლასთან დაკავშირებით, მაგრამ მე კარგად მახსოვს, როცა ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში ის, მაშინაც ძალიან აქებდა ხელისუფლებას”.

ნეტგაზეთის კითხვას, რატომ არ დააფინანსა კეზერაშვილმა პარტიის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, მაჭავარიანი, რომელიც პარტიის გენერალური მდივნის მოვალეობებს ასრულებს, პასუხობს, რომ ამ დროს იგი უკვე ქვეყნიდან იყო გასული. მისი თქმით, როდესაც კეზერაშვილის მიერ დაფინასნებულ კამპანიებზე ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ძირითადად 2012 წლის საპარლამენტო არჩეევნებს ეხება. ზემოხსენებულ წერილში კი ყველა საარჩევნო კამპანიაზეა ლაპარაკი.:

“აქ ძირითადად საუბარია 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. 2013 წელს ჩვენ ფაქტობრივად არც ერთი ბიზნესმენი აღარ გაგვეკარა”.

როგორ ახერხებდა კეზერაშვილი გასულ წლებში, ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბიზნესმენების დარწმუნებას, რომ პარტიისთვის ფული გადაერიცხათ და რა მეთოდებს იყენებდა ამისთვის: მხოლოდ პროფესიულ უნარ–ჩვევებსა თუ ზეწოლასა და შანტაჟს – ნეტგაზეთმა მაჭავარიანს ამ კითხით მიმართა, რომელმაც ასე გვიპასუხა:

 

“თუ რომელიმე კონკრეტული დანაშაული არის და რომელიმე კონკრეტული ბიზნესმენი ამას იტყვის, ეს ცალკე ქეისია და დღევანდელი პროკურატურა ამას ხელიდან ალბათ არ გაუშვებს. მე გეუბნებით იმას, რაც ვიცი”.

 

პარტიის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებს, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა გაიმართოს პარტია პრობლემებით ხვდება ფინანსების თვალსაზრისით:

“საკმაოდ რთულად არის [საქმე]. “ოცნებას” ეს პრობლემა არ აქვს, რადგან ძალიან მარტივია და ალბათ ყველა ხვდება თუ საიდან მიიღებს “ოცნება” დაფინანსებას. ჩვენ კი გვაქვს პრობლემები. ახლა ანგარიშზე გვაქვს დაახლოებით მილიონი ლარი, რომელიც მივიღეთ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბიუჯეტიდან, დაახლოებით 600 ათასი ლარი გვაქვს სარეკლამოდ, შემდეგ არჩევნებზეც გვეკუთვნის ეს [სარეკლამო] თანხები. სიმართლე გითხრათ, ჩვენ სწორედ ამ თანხებზე ვაკეთებთ გათვლას და მაქსიმუმ იმდენივე მოვიზიდოთ [შემოწირულობების გზით] რაც მოვიზიდეთ საპრეზიდენტო არჩევნების. მაშინ თუ არ ვცდები 500 თუ 600 ათასი ლარი შემოგვივიდა. ეს არის ის თანხა, რაზეც გვაქვს გათვლა”, – აცხადებს იგი და დასძენს, რომ ის საბიუჯეტო ყოველთვიური დაფინანსება, რომელიც ნაცმოძროაბას როგორც კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს ეკუთვნის, პარტიას ოფისების შენახვაში ეხარჯება:

“ყოველთვიურად ვიღებთ, მაგრამ იმ შემოსავალს ხარჯიც ახლავს, ჩვენ ხომ უნდა შევინახოთ 74 ოფისი (თბილისის 10 საქალაქო ორგანიზაცია და ამას დაამატეთ დანარჩენი რაიონული ორგანიზაციები). ანუ რა თანხაც შემოგვდის, დაახლოებით იგივეს ვხარჯავთ ყოველთვიურად, დაახლოებით 200 ათასი ლარის ფარგლებში”.

 

კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხს  საფრანგეთში  სასამართლო უახლოეს ხანში განიხილავს. კეზერაშვილი საფრანგეთში 2013 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს და 31 ოქტომბერს საფრანგეთის სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა.

 

კეზერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით აქვს წაყენებილი – საჯარო მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მოთხოვნის და ქრთამის მიღების, ასევე, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის ჩადენის მუხლით აქვს წაყენებული. იგი ასევე ბრალდებულია “თბილსერვის ჯგუფის საქმეზეც გიგი უგულავასთან ერთად. ერთი ეპიზოდი ეხება თბილსერვის ჯგუფში 700–ზე მეტი მოქალაქის დასაქმებას, ხოლო მეორე ეპიზოდი ეხება ტელეკომპანია “იმედის” უკანონოდ მითვისებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას.

 

2014 წლის 15 იანვარს კი პროკურატურამ განაცხადა, რომ კეზერაშვილთან დაკავშირებით იმ ინფორმაციების შესწავლა დაიწყეს, რომლის მიხედვითაც კეზერაშვილის ბიზნეს-სექტორში გადასვლის შემდეგ, მის მიერ ოფშორულ ზონაში დაფუძნებულმა ჰოლდინგური კომპანიის საერთო შემოსავალმა 2009-2012 წლებში ასეულობით მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.

 

ამ თემას დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც შეეხო მედიასთან შეხვედრისას და განაცხადა, რომ კეზერაშვილი შესაძლო მონაწილეობაზე იარაღით უკანონო ვაჭრობაში, არა მხოლოდ საქართველოს სამართალდამცავი უწყებები, არამედ უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოებიც არიან დაინტერესებულნი.

“ძალიან საინტერესო სკანდალური ინფორმაციები და ფაქტები იკვეთება კეზერაშვილთან დაკავშირებით. ასე რომ, დაველოდოთ გამოძიებას და ყველაფერი ძალიან მალე გახდება ცნობილი.”