პრემიერის გადადგომა არ მომითხოვია – მან არაფერი იცოდა ჩემი შვილის საქმეზე – სარალიძე

როდესაც კვირიკაშვილს პირადად შევხვდი, დავრწმუნდი, რომ ამ კაცმა ჩემი შვილის საქმესთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი იცოდა, – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ზაზა სარალიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ პრემიერის გადადგომას არ ითხოვდა.

“მე მაქვს კონკრეტული პრეტენზიები იმ ადამიანებთან, ვინც იცის ამ საქმეზე ყველაფერი და არაფერს აკეთებენ – ისინი მფარველად მოგვევლინებიან, თუნდაც წულუკიანი შოთაძის მფარველად. შოთაძე გადადგა და არანაირი პასუხისმგებლობა… პირიქით, ტაში დაუკრა.

რაც შეეხება გახარიას, მისი უწყების დარღვევები ვნახეთ, რაც იყო – გუშინაც 2 ადამიანი გაიტაცეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომა მე არ მომითხოვია და არც მოვითხოვდი არასდროს. თუ შემეხებოდა ამ საქმიდან გამომდინარე პირადად მე, რა თქმა უნდა, მოვითხოვდი. ამ შემთხვევაში გახარია და წულუკიანი შემეხო,” – განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა დღეს პროკურატურაში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა გამოკითხვაზე. გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადადგომის შესახებ ინფორმაცია მან ჟურნალისტებისგან შეიტყო.