შეხვედრა დაახლოვებით 3 საათს გაგრძელდა. პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაო შეხვედრაზე საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და მიმდინარე პოლიტიკურ– ეკონომიკურ თემებზე იმსჯელეს.


შეხვედრის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლმა. დავით საგანელძის თქმით, გასული წელი შეაჯამეს:


“საკითხები ეხებოდა იმ თემებს, რომელიც გასულ წელს იყო და გადმოყვა ზოგიერთი კანონპროექტი, როგორიცაა, მაგალითად- ადმინისტრაციული საკითხები, რეგიონალური თემები, თვითმმართველობის საკითხი, რაც მთავარია, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული თემები, რომელიც ჩვენ დავიწყეთ [გასულ წელს], მაგრამ გადმოვიდა. ვსაუბრობთ იმ ძირითად ამოცანებზე, რომელიც წელს გვექნება, რითი შეიძლება დავიწყოთ მუშაობა, პარლამენტსა და მთავრობას შორის შეთანხმება ჭირდება. ძალიან ბევრი კანონპროექტი, ბუნებრივია, მთავრობიდან შემოდის, რომელია მოუმზადებელი, რომელი არა. ეს არის ჩვეულებრივი მუშა შეხვედრა, რომლის გარეშეც შეუძლებელია ამხელა ქვეყნის მართვა. გარკვეულად შევაჯამეთ გასული წელი”.-  განაცხადა საგანელიძემ


მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი პროკურორის კანდიდატურის განხილვა არ მომხდარა. საგანელძე აცხადებს, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურის განხილვაში პარლამენტი არ ერევა და მისი დასახელება პრემიერის გადაწყვეტილებაა.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამეტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ვიცეპრემიერი კახა კალაძე, პარლამენტარი ზვიად ძიძიგური და სხვები. 

 

პრემიერის პრესსამსახურის წარმომადგენელმა  “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ  მთავარი პროკურორის თანამდებობაზე რამდენიმე ადამიანის კანდიდატურა განიხილება და მას ღარიბაშვილი მომავალ კვირაში დაასახელებს. მთავარი პროკურორის კანდიდატურა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ოთარ ფარცხალაძემ 30 დეკემბერს პოსტი დატოვა. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *