„დებულება, პირველ რიგში, განსაზღვრავს კომისიის ამოცანებს და კომისიის ამოცანებად დასახულია კონსტიტუციური კანონის პროექტის მომზადება, რომლითაც გაიზრდება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კონსტიტუციური გარანტია, გაუმჯობესდება ხელისუფლების ჰორიზონტალური და ვერტიკალური გამიჯვნის, გაწონასწორების და ურთიერთქმედების მოდელი, დაიხვეწება დამოუკდიებელი ინსტიტუტების კონსტიტუციური სტატუსი და ფუნქციები, მოწესრიგდება ის ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც წლების განმავლობაში რჩებოდა კოსნტიტუციური რეგულირების მიღმა, დამკვიდრდება კონსტიტუციის გადასინჯვის გონივრული მოდელი, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს კონსტიტუციის საკმარის სტაბილურობას და საკმარის მოქნილობას, აგრეთვე, აღმოიფხვრება კონსტიტუციის ტექსტის ხშირი ცვლილებებით გამოწვეული შეუსაბამობები და ხარვეზები საქართველოს კონსტიტუციაში, ძირითად კანონში,“ – აღნიშნა უსუფაშვილმა.
კომისიის შემადგენლობაში შედიან საპარლამენტო ფრაქიებისა და პარლამენტართა იმ ჯგუფების მიერ პროპოციულობის პრინციპის დაცვით წარდგენილი პარლამენტის წევრები, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ არიან გაერთიანებული (არაუმეტეს 20 წევრისა).
ასევე, იმ კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების თითო წარმომადგენელი, რომლებიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის მეშვეობით წარმოდგენილნი არ არიან პარლამენტში. კომისიაში ასევე შედის იმ არაკვალიფიციური პოლიტიკური პარტიების ერთი წარმომადგენელი, რომლის მიერ დასახელებულმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 3%-ზე მეტი ხმები მიიღო.
კომისიაში წარმოდგენილი იქნებიან საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, საქართველოს სახალხო დამცველი, იუსტიციის მინისტრი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.
კომისიაში წარმოდგენილი იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც. კერძოდ, სამართლის, საჯარო პოლიტიკისა და სახელმწიფოს მართვის არაუმეტეს 20 ექსპერტ-სპეციალისტი, მათ შორის, ამავე სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დებულების თანახმად, თუ კომისიის წევრთა რაოდენობა 10%-ზე მეტით შემცირდა, პარლამენტის თავმჯდომარე 2 კვირის ვადაში ამ მუხლის 1 პუნქტით დადგენილი წარმომადგენლობითობის პრინციპის დაცვით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანდიდატებს კომისიაში დასანიშნად.
