პრემიერს კრიტიკული კომენტარების წაშლისთვის შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტიდან კრიტიკული კომენტარების წაშლის გამო შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ განუცხადა.

პრემიერის პოსტზე, რომლითაც კვირიკაშვილი არასამთავრობო სექტორს აკრიტიკებდა თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნის გამო, ათასობით ადამიანმა HAHA (დაცინვა) ემოცია გამოხატა. გარდა ამისა, პოსტზე მოქალაქეების ასობით კრიტიკული და ცინიკური კომენტარი დაიწერა პრემიერის მიმართ, რომელთა ნაწილიც ეტაპობრივად იშლებოდა.

გიორგი მშვენიერაძე

“ვთვლით, რომ ის გვერდები, რომელიც სახელმწიფო თანამდებობის პირებს ეკუთვნით და მათი საზოგადოებასთან საკომუნიკაციო საშუალებაა, უნდა აძლევდეს მოქალაქეებს საშუალებას, საკუთარი აზრი გამოხატონ და ამ სახით ჰქონდეთ ერთგვარი კომუნიკაცია მთავრობასთან, ხელისუფლებასთან და პოლიტიკოსებთან.

როდესაც პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზეა საუბარი, რომელზეც ძალიან ბევრი პოსტი ქვეყნდება და რეკლამირდება, რომელსაც მართავს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაცია და პრემიერის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, მიგვაჩნია, რომ მათ მიერ მოქალაქეების კომენტარების წაშლა არის არაკანონიერი,” – ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

იურისტის თქმით, დემოკრატიული ინიციატივა ახლა სათანადო დოკუმენტაციას აგროვებს, რათა გადაწყვიტონ, რა პროცედურა უნდა გაიარონ იმისთვის, რომ აღნიშნული საქმე სასამართლოში აღმოჩნდეს:

“ახლა დამუშავების და შეგროვების ეტაპზეა საქმე, თუმცა ის, რომ ძალიან ბევრ კრიტიკულ კომენტარს შლიდა პრემიერის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გუშინ, შემიძლია დადასტურებულად გითხრათ და ამის მტკიცებულებებიც გაგვაჩნია.

დასქრინული და შენახული გვაქვს ძალიან ბევრი კომენტარი, რომელიც წაიშალა; იყო კრიტიკული კომენტარებიც, შეიძლება იყო ცინიკური და გამაღიზიანებელიც, თუმცა ნამდვილად არ იყო უხამსი.”

მაგალითად, პრემიერის პოსტიდან წაიშალა:

New Gallery 2018/6/7პრემიერის პოსტიდან წაშლილი კომენტარი #1პრემიერის პოსტიდან წაშლილი კომენტარი #1originaldate 1/1/0001 6:00:00 AMwidth 540height 960პრემიერის პოსტიდან წაშლილი კომენტარი #3პრემიერის პოსტიდან წაშლილი კომენტარი #3originaldate 1/1/0001 6:00:00 AMwidth 660height 960პრემიერის პოსტიდან წაშლილი კომენტარი #2პრემიერის პოსტიდან წაშლილი კომენტარი #2originaldate 1/1/0001 6:00:00 AMwidth 660height 960

ფეისბუკის მომხმარებელთა ნაწილი შეურაცხმყოფელი და ირონიული შინაარსის კომენტარის გამო საერთოდ დაბლოკა გვერდის ადმინისტრაციამ. მაგალითად, პრემიერის შავ სიაში მოხვდა “გირჩის” აქტივისტი, მარიამ ჩაჩუა. მისი თქმით, სანამ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ფეისბუკის გვერდიდან დაბლოკავდნენ, მთავრობის მეთაურის ყველაზე ცნობილ პოსტზე შემდეგი შინაარსის კომენტარი დაწერა: “ბარემ ამდენი ხალხი კითხულობს და “გარაჟს” ვყიდი.”

ცნობისთვის, 2018 წლის მაისში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ფედერალურმა სასამართლომ Twitter-ის ექაუნთზე მომხმარებლების დაბლოკვა აუკრძალა მათი პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის გამო.

მთავრობის ადმინისტრაციამ ამ საკითხთან დაკავშირებით “ნეტგაზეთს” წერილობით უპასუხა, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ არაეთიკური კომენტარები წაშალეს პრემიერის პოსტიდან.

“გუშინ, საღამოს 18:00 საათიდან, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური “ფეისბუქ” გვერდის ერთ-ერთ პოსტზე დაფიქსირდა ე.წ. ორგანიზებული ვირუსული შეტევა, ანუ „ტროლინგი“, რომელსაც კონკრეტული ჯგუფები, „ფეისბუქ“ მომხმარებლები, პროტესტის ფორმის გამოსახატად იყენებენ.

პოსტზე რეაქციების მატებას კრიტიკული ან არაეთიკური კომენტარები მოჰყვა. ამ პროცესზე გვერდის ადმინისტრაციას ჰქონდა ადეკვატური რეაგირება, კერძოდ, წაიშალა მხოლოდ არაეთიკური კომენტარები,” – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

“პრემიერის ბოტების” გასაპროტესტებლად მოქალაქეებმა კანცელარიასთან ბოტები მიიტანეს