მეტროს გაფიცული თანამშრომლები კალაძეს ისევ ხვდებიან

თბილისის მეტროპოლიტენის გაფიცული მემანქანეები თბილისის მერს, კახა კალაძეს უკვე მეორედ ხვდებიან. როგორც “ნეტგაზეთს” მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, შეხვდრა ამჟამად მერიის შენობაში მიმდინარეობს.

შეხვედრა “ერთობა 2013”-ის წევრთა ნაწილსა და მერს შორის ცოტა ხნის წინ დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია საკითხები და შეთავაზებები, რომელთაც შეხვედრაზე განიხილავენ.

მემანქანეთა მოთხოვნა მათი ხელფასის გადახედვისა და 45%-ით ზრდის შესახებ უცვლელია. როგორც 5 ივნისს პროფკავშრული გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე აჩიკო ლაბაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, მემანქანეები მზად არიან, გაფიცვა შეწყვიტონ, თუ მერია დოკუმენტურად დაადასტურებს, რომ ხელფასის 45%-ით ზრდა 2019 წლის 1 იანვრიდან დაიწყება.

“45%-იანი მატება შეგვიძლია განვიხილოთ დროში გაწელილად. მათ შორის, 2019 წლის იანვრიდან მატების პერსპექტივიდ. თუ 2019 წლიდან მოხდება 45%-იანი მატება, მაშინ მისაღები იქნება.

სხვა ვარიანტიც არის: [მაგალითად]ხვალიდან რომ მოემატოს 20% და იანვრიდან- დანარჩენი 25%, ასეთი შემთხვევაც შესაძლებელია. თუმცა, ჯამში, კომბინაცია უნდა იყოს 45%”, – აღნიშნა მან.

მსგავსი შეთავაზება მემანქანეებისათვის მერიასა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ჯერჯერობით არ გაუხმიანებიათ.

მეტროპოლიტენის გაფიცული თანამშრომლები მერს გუშინ, 5 ივნისს,  უკვე შეხვდნენ. თუმცა დეპო “გლდანის” შენობაში მიმდინარე შეხვედრა მემანქანეებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს და აღნიშნეს, რომ კალაძისგან კონკრეტული დაპირებები არ მოუსმენიათ.