ვისთან გაივლის კონსულტაციებს იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის შესარჩევად

საქართველოს იუსტიციის მინისტრი საჯარო კონსულტაციებს იწყებს მთავარი პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ,  „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლის თანახმად, იუსტიციის მინისტრმა − საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, საჯარო კონსულტაციები დაიწყო მთავარი პროკურორის შესარჩევად.

სამინისტროში ამბობენ, რომ დღეს, 4 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებს და სამართლის დარგის სპეციალისტებს მიმართვა დაეგზავნათ, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა კანონით გათვალისწინებული წესით პროკურორობის კანდიდატების წარდგენა.

უწყების განცხადებით, კონსულტაციებში მონაწილეობისთვის წერილი დაეგზავნათ შემდეგ უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს:

ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს:

სამინისტროში ამბობენ, რომ გარდა ზემოჩამოთვლილი ორგანიზაციებისა, კონსულტაციების მიმდინარეობის ერთთვიან პერიოდში მინისტრისათვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, აკადემიური წრეების დაინტერესებულ წარმომადგენელს ანდა სამართლის დარგის სპეციალისტს.

კონსულტაციების შედეგად იუსტიციის მინისტრი შეარჩევს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, კანონის შესაბამისად, მთავარ პროკურორად შეიძლება აირჩეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, პროკურორად ან საერთო, ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან რომელიც არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი სასწავლებლიდან, ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან, რომელსაც აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. მთავარი პროკურორობის კანდიდატი თავისი ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს.

იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატს მეორედ ირჩევს. პირველად არჩევნები 2015 წელს გაიმართა. საპროკურორო საბჭოსათვის წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევად იუსტიციის მინისტრი ერთთვიან კონსულტაციებს აწარმოებდა სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებსა და აკადემიურ წრეებთან. დასახელებულ კანდიდატებთან თეა წულუკიანმა გაცნობითი შეხვედრები გამართა და 18 ნოემბერს სამი კანდიდატურა დაასახელა – ვლადიმერ გაბრიჩიძე, ნანა რევაზიშვილი და ირაკლი შოთაძე. საპროკურორო საბჭომ არჩევნების გზით მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურა დაამტკიცა და დაუყოვნებლივ წარუდგინა მთავრობას. მთავრობის თანხმობის შემდეგ კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს წარედგინა. 2015 წლის 27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის პოსტზე დაამტკიცა.

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ახალი კანდიდატების შერჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ირაკლი შოთაძემ ეს თანამდებობა დატოვა. მის გადადგომას წინ უძღოდა სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქცია.