თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ვერ პასუხობს შეკითხვას, შეწყვეტს თუ არა ის აქციებს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში მას საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი ესაუბრა.

“მაგან [პრემიერმა] თქვა, რომ პირად კონტროლზე აიყვანს, გადახედავს. მე ჩემი მოთხოვნები ვუთხარი, ჩემს საქმეზე”, – თქვა მაჩალიკაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა მისთვის პრემიერის შეთავაზება, მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ ჯერ მაგის თაობაზე საუბარი არ სურს.

ჟურნალისტი: არ იცით, აქციებს შეწყვეტთ თუ არა? ეს შეხვედრა არ იყო საკმარისი ამ პასუხის გასაცემად?

მალხაზ მაჩალიკაშვილი: ვერ გიპასუხებთ მაგაზე.

მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც ზაზა სარალიძესთან ერთად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ლიდერია, პრემიერთან შეხვედრაზე იურისტებთან: მარიამ კუბლაშვილთან და თამთა მიქელაძესთან (EMC) ერთად მივიდა. პრემიერს ხვდება ზაზა სარალიძეც. ეს ორი შეხვედრა ცალ-ცალკე გაიმართა.