მე არ მაწყობს რევოლუცია – მოკლული დადუნაშვილის მამა

დღეს, 1 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე “ნუ მომკლავ” მივიდა ხორავას ქუჩაზე მოკლული კიდევ ერთი არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის მამა. მისი თქმით, იგი გვერდით უდგას ზაზა სარალიძეს, არც თავადაა კმაყოფილი გამოძიებით, მაგრამ მიიჩნევს, რომ რევოლუციის დრო არ არის.

სიტყვით გამოსვლის დროს ლევან დადუნაშვილის მამამ განაცხადა, რომ აქციაზე მისი მისვლის მიზეზი ერთ-ერთი გამომსვლელი გახდა, რომელიც ამბობდა, რომ ლევან დადუნაშვილის ნათლიაა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება:

“მე ზაზას თანადგომას ვუცხადებ, ზაზას გვერდში ვარ. ჩემი ტრაგედია და ზაზას ტრაგედია ერთია. ჩვენი ტკივილი საქართველოს ტკივილია, მაგრამ დავიღალე. მე მინდა ყველას მოგმართოთ, მოდი, ის გამოძიება, რომელზეც კითხვები გვიჩნდება და არ მთავრდება, ეს გამოძიება დამთავრდეს. მე მოგიწოდებთ, ის ხალხი, ვინც ზიხართ ტელევიზორებთან და თქვენს შვილებს ხელს აფარებთ, გამოვიდეთ ყველა და მივმართოთ ყველას, რომ თავიანთი შვილები…. ის მშობლები, მშობლები მაშინ იქნებიან, ეს ტრაგედია მაშინ აღარ განმეორდება, როცა ვაიძულებთ იმ გათითოკაცებულ ხალხს, რომლებიც სახლში სხედან და არ გამოჰყავთ თავისი შვილები, რომ ჩვენება მისცენ.

ზაზა, შენს გვერდში ვარ. მთავრობა შენს გვერდშია. დავდგეთ ერთად, გამოვიძიოთ, ჩემო ძმაო. მივცეთ შანსი. რევოლუცია მე არ მაწყობს. მე მინდა ჩემი შვილის მკვლელი ბოლომდე დაისაჯოს. სამართლით მეც არ ვარ კმაყოფილი, მაგრამ, ჩემო ზაზა, დღეს გამოსავალი არის ეს”,- თქვა დადუნაშვილის მამამ.

მის გამოსვლას აქციაზე უკმაყოფილება მოჰყვა. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ “სხვა მთავრობა გამოიძიებს” ამ საქმეს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დანარჩენებს მოუწოდა, რომ “პატივი სცენ შვილმკვდარი მამის აზრს”. თავად სარალიძე და დადუნაშვილი რამდენჯერმე გადაეხვივნენ ერთმანეთს.