კახა კალაძე – იმ ძალებს, რომლებსაც ქვეყანაში არეულობა სურთ, ამის უფლებას არ მივცემთ

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ზაზა სარალიძის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირება ხდება. კახა კალაძე ამბობს, რომ ხელისუფლება გარკვეულ ძალებს ქვეყანაში არეულობის მოწყობის საშუალებას არ მისცემს.

„ჩვენ ვხედავთ და აშკარად ჩანს, რომ კონკრეტული ძალების მიერ ხდება ამ თემით – ოჯახის ტრაგედიით მანიპულირება, რაც ძალიან სამწუხაროა. ცდილობენ გარკვეული დესტაბილიზაციის შემოტანას ქვეყანაში და მინდა ვუთხრა ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, რომ, რა თქმა უნდა, გამოხატვის უფლება ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააფიქსიროს თავისი მოსაზრება, მაგრამ იმ პირებს, იმ ძალებს, რომლებსაც სურთ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობა შემოტანონ, ამის უფლებას არ მივცემთ. ხელისუფლება იქნება ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე და ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში,” – აცხადებს კახა კალაძე.