ელისაშვილი: პროცესების წარმმართველი თავად ზაზა სარალიძე უნდა იყოს

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ დაუშვებელია, პოლიტიკურმა ძალებმა ხორავაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. მერობის ყოფილი კანდიდატი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან აცხადებს, რომ პროცესების წარმმართველი თავად ზაზა სარალიძე უნდა იყოს.

ელისაშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელ აქციაზე პროცესები თავდაპირველ კალაპოტს დაუბრუნდა:

“ეს პროცესი, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია. როდესაც ითხოვენ პრემიერის გადადგომას, მთავრობის გადადგომას, როდესაც გადავაყენეთ მთავარი პროკურორი, რა თქმა უდნა, ეს პოლიტიკური [პროცესი] არის. ამას ნუ გავურბივართ, მაგრამ გუშინ რაც არ მომეწონა და დავინახე, ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა ცდილობდა თითქოს გავლენის ქვეშ მოექცია ზაზა სარალიძე თავისი ვიწრო ინტერესების გატარების მიზნით  – ეს არის დაუშვებელი.

ჩვენ აქ, ჩემი აზრით, ვდგავართ როგორც მოქალაქეები, როგორც მშობლები, და წარმმართველი უნდა იყოს თავად ზაზა სარალიძე, რომელიც ძალიან გონიერი კაცია და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეა, მან იცის, რასაც აკეთებს. შესაბამისად, ნუ მოვიქცევით სხვაგვარად. დღეს, ჩემი აზრით, იმ კალაპოტში ჩადგა ეს პროცესი, რომელშიც უნდა ჩამდგარიყო. ჩვენც, პოლიტიკოსები, დამწყვდეულები ხომ არ უნდა ვიყოთ, ამ საზოგადოების ნაწილი  ვართ და ყველამ, ნორმალურმა და ჯანსაღმა მოქალაქემ, პოლიტიკოსმა თუ არაპოლიტიკოსმა მას მხარი უნდა დავუჭიროთ” – თქვა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან.