“თუ აქციის მოთხოვნა იქნება მთავრობის გადაყენება ან სისტემის რეფორმა, ნაკლები ადამიანი მოვა”

“გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციას კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს – დაისაჯონ მისი შვილის მკვლელები და ისინი, ვინც მათ ხელს აფარებდა. თუ აქციას უფრო ზოგადი ან პოლიტიკური მიზანი ექნება, მაგალითად, მთავრობის გადადგომა, ნაკლები ხალხი მივა აქციაზე. 

“აქციას უნდა ჰქონდეს კონკრეტული, გასაგები და დროში სწრაფად შესრულებადი მოთხოვნები. ეს აქცია არის მოკლული ახალგაზრდის მამის აქცია და მას აქვს ერთადერთი მიზანი – დაისაჯონ მისი შვილის მკვლელები და ისინი, ვინც მათ ხელს აფარებდა. ამიტომ აქციის მოთხოვნა უნდა იყოს ისეთი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა რომელსაც უპირველეს ყოვლისა ექნება ამ ადამიანის და შემდეგ ფართო საზოგადოების ნდობა”,- ამბობს ჯაფარიძე. 

მისი მოსაზრებით, ასეთი შეიძლება იყოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელშიც საპარლამენტო ოპოზიციას ექნება უმრავლესობა და თავმჯდომარის პოზიცია , მაგრამ ოპოზიციაში არ იგულისხმება პატრიოტთა ალიანსი, რადგან ჯაფარიძეს ისინი სანდოდ არ მიაჩნია. მისივე თქმით, მეტი სანდოობისთვის მნიშვნელოვანია ამ კომისიაში მონაწილეობას იღებდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც და სხდომები იყოს საჯარო.

“რაც მთავარია და ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია – ამ კომისიაში უნდა იყვნენ ზაზა სარალიძის ნდობით აღჭურვილი პირები. თუ ზაზა სარალიძე არ ენდობა კომისიის შემადგენლობას, ასეთ კომისიას აზრი არ აქვს”,- ამბობს ჯაფარიძე,

მისივე თქმით, თუ აქციის მოთხოვნები ამ ეტაპზე იქნება უფრო ზოგადი (მაგ. სისტემის რეფორმა) ან უფრო პოლიტიკური (მაგ. მთავრობის გადაყენება) და გასცდება ზაზა სარალიძის უშუალო ინტერესს – კონკრეტული მკვლელების და ხელის დამფარებლების დასჯას – აქციაზე მოვა ნაკლები ადამიანი და შეუძლებელი იქნება რაიმე შედეგის მიღება.

“თუ ხელისუფლება უარს იტყვის ასეთი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე – მაშინ ყველასთვის, მათ შორის იმათთვისაც, ვინც დღეს უფრთხის აქციაზე პოლიტიკურ მოთხოვნებს, გასაგები გახდება, რომ სისტემა ჩადგა თავდაცვით რეჟიმში და არ აპირებს დათმობას. შესაბამისად, ბუნებრივად დადგება დღის წესრიგში სხვა, პოლიტიკური ხასიათის მოთხოვნები (მაგ. მთავრობის გადადგომა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები) და ასეთ შემთხვევაში ეს მოთხოვნები კი არ დააფრთხობს, არამედ, პირიქით, აქციაზე გამოიყვანს უფრო მეტ ადამიანს. ჩემი აზრით, ეს არის ერთადერთი სწორი და თანმიმდევრული გზა, რომელიც გაგვიყვანს შედეგზე”,- ამბობს ჯაფარიძე.