კობახიძე სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე: ეს საკითხი საბოლოოდ უნდა გაირკვეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას გამოეხმაურა:

“როდესაც ორი ბავშვია მოკლული და ერთ შემთხვევაში, დასრულებულ დანაშაულზე დგება განაჩენი და მეორე შემთხვევაში – მცდელობაზე, აშკარაა, რომ საქმე ბოლომდეა მისაყვანი, ეს აშკარად ჩანს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არცერთ მხარეს [არც სასამართლოს და არც პროკურატურას] აპრიორი არ ვუცხადებთ ნდობას. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს საკითხი საბოლოოდ უნდა გაირკვეს და დადგეს საბოლოოდ სამართლიანი განაჩენი. ასეთია ჩვენი პოზიცია – არასწორია აპრიორი ერთი მხარისთვის ნდობის გამოცხადება და მეორე მხარისთვის უნდობლობის გამოცხადება. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რაშია რეალურად საქმე“ – ამბობს ირაკლი კობახიძე. 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.