ზაზა სარალიძემ ირაკლი შოთაძეს შეხვედრაზე უარი უთხრა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს შეხვედრაზე უარი უთხრა. ზაზა სარალიძე მხარდამჭერებთან ერთად მთავარ პროკურატურასთან შოთაძის გადადგომისა და მისი შვილის მკვლელების დასჯის მოთხოვნით აქციას მართავს.

ირაკლი შოთაძესთან შეხევდრა ზაზა სარალიძეს პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა შესთავაზა. თუმცა ამ დრომდე თავად ზაზა სარალიძე უშედეგოდ ითხოვდა მთავარ პროკურორთან შეხვედრას.

ზაზა სარალიძე ირაკლი შოთაძეს ბრალდებულების მფარველობაში ადანაშაულებს და მის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. ის ყველა მოქალაქეს მხარდაჭერას სთხოვს განურჩევლად მათი შეხედულებებისა. “სისტემამ შეურაცყო ჩემი შვილის სული და მე ამ სისტემას დავანგრევ” – ამბობს მოკლული დავით სარალიძის მამა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე სასამართლომ გამამამრთლებელი განაჩენი გამოიტანა. სარალიძის მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.