თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პოლიციამ 3 პირი დააკავა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. ხმაური და დაპირისპირება სასამართლოში მოჰყვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციული წესით 3 პირია დაკავებული.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე სასამართლომ გამამამრთლებელი განაჩენი გამოიტანა. სარალიძის მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სარალიძის ოჯახი განაჩენით უკმაყოფილოა. ისინი ხელახალი გამოძიების მოთხოვნით აქციის გამართვას გეგმავენ პროკურატურასთან. ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა მეორე მოკლულის, ლევან დადუნაშვილის ოჯახი. ისინი უფრო მკაცრ სასჯელს მოითხოვენ. დადუნაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულს მაქსიმუმ 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.