ახალი ამბებიკომენტარისაზოგადოება

რატომ მიყვარს პირველი რესპუბლიკა? – ბექა კობახიძე

26 მაისი, 2018 • 4786
რატომ მიყვარს პირველი რესპუბლიკა? – ბექა კობახიძე

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წელი გავიდა. საუკუნის წინ, თბილისში, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა, რის შემდეგაც ნოე ჟორდანიამ საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრებს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი გააცნო. საბჭომ დოკუმენტი ერთხმად მიიღო. 1919 წლის 12 მარტს კი აქტი უკვე მეორედ, ახლად არჩეულმა დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა.

რატომ და რით არის მნიშვნელოვანი პირველი რესპუბლიკის 3 წელი საქართველოში? რა მოუტანა ხანმოკლე დამოუკიდბლობამ ქვეყანას სახელმწიფოს შიგნით თუ საერთაშორისო ასპარეზზე? – აღნიშნულთან დაკავშირებით გთავაზობთ ოქსფორდის უნივერსიტეტის პოსტსადოქტორო მკვლევრის და GIPA-ს ასოცირებული პროფესორის ბექა კობახიძის მოსაზრებას:

რატომ მიყვარს საქართველოს პირველი რესპუბლიკა?

[checklist]

  • მრავალსაუკუნოვანი ხვეწნის, წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მოხერხდა ის, რომ ევროპა, რუსეთის გვერდის ავლით შემოვიდა საქართველოში.
  • დამოუკიდებელ საქართველოში პირველად ჩამოვიდნენ დიდი ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი, ბელგიის მოქმედი იუსტიციის მინისტრი; ქართული დიპლომატია თავის მომავალს არკვევდა არა გარსევან ჭავჭავაძისა და პოტიომკინის შეხვედრებზე, არამედ კარლო ჩხეიძის შეხვედრებზე ლოიდ ჯორჯთან, სტეფან პიშონთან, ჟორჟ კლემანსოსთან; წერეთლის შეხვედრებზე კერზონთან. საბახტარაშვილის შეხვედრებზე ფრანჩესკო ნიტისთან და სხვ.
  • მეთხუთმეტე საუკუნის შემდეგ, პირველად წარმოიშვა ერთიანი ქართული სახელმწიფო. არა სამეფო “რანთა და კახთა…”, არამედ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო.

[/checklist][checklist]

  • 1864 წელს ფორმალურად დასრულდა ფეოდალიზმი, რომელიც (ნადელები და სხვ.) რაღაც ფორმებით რესპუბლიკის გამოცხადებამდეც კი არსებობდა. ამ დროს ერმა შვა პოლიტიკური ელიტა, რომელმაც სადღაც რუსეთის პერიფერიაზე, დიდწილად წერა-კითხვის უცოდინარ საზოგადოებაში სრული სერიოზულობით განიზრახა დემოკრატიული რესპუბლიკის აშენება!
  • ამ რესპუბლიკამ შემოიტანა და წარმატებით დანერგა ისეთი უცნაური, ზოგიერთი დასავლური ქვეყნისთვისაც კი ნაადრევი კატეგორიები, როგორიც იყო საყოველთაო არჩევნები, ქალთა თანასწორუფლებიანობა, ეროვნულ უმცირესობათა უფლებები, რელიგიური პლურალიზმი და სხვა მრავალი.
  • რესპუბლიკამ, გაეროს დამფუძნებელი დოკუმენტების, საერთაშორისო სავალუტო ფონდის არარსებობისა და ჯერ კიდევ იმპერიალისტური საერთაშორისო სამართლის პირობებში, რუსეთისა და თურქეთის აგრესიის წინაშე მდგომმა, ბლოკადისა და ომიანობის ქარცეცხლში მოახერხა ეკონომიკური და ინსტიტუციონალური პირველობა რუსეთის ყოფილ იმპერიაში.

[/checklist][checklist]

  • რესპიბლიკამ, არაერთი წარმატებული ომის ხარჯზე, შეინარჩუნა ტერიტორიული მთლიანობა. მოახერხა და არ დათმო: სამუსულმანო საქართველო, აფხაზეთი, სამაჩაბლო, ლორე, ზაქათალის ოლქი. დასავლეთში, ხშირად, ქართველთა ქმედებებს იმპერიალისტურ ამბიციებსაც კი უწოდებდნენ.
  • საერთაშორისო ასპარეზზე, ფაქტობრივად არარსებული ბიუჯეტის პირობებში, პოლიტიკურმა ელიტამ, პროპაგანდისა და დიპლომატიური მუშაობის მეშვეობით, გაიტანა საქართველოს სახელი. საქართველოს დამოუკიდებლობა იურიდიულად აღიარეს მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა. დაუკვირდით, მაგალითად, სომხეთსა და აზერბაიჯანს არ მიუღიათ ასეთი აღიარება.
  • საქართველო აღიარეს ესტონეთთან და ლატვიასთან ერთად. უფრო მეტიც, ერთა ლიგაში საქართველოს წევრობას მხარი დაუჭირა ათმა სახელმწიფომ, ხოლო ესტონეთისა და ლატვიის წევრობას ხუთმა სახელმწიფომ. ამ კონკრეტულ მომენტში, გეოგრაფიასაც კი მოუგო დაუღალავმა პოლიტიკურმა მუშაობამ.

[/checklist][checklist]

  • პირველ რესპუბლიკაში სრულიად უნიადაგო იყო რუსეთთან კოლაბორაციონისტული, კაპიტულანტური დამოკიდებულება. პოზიციურ და ოპოზიციურ პოლიტიკურ ელიტას ცალსახა კონსენსუსი ჰქონდა ამის თაობაზე. 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების შემდეგაც კი, ციხეები გატენილი იყო ბოლშევიკი აგენტებით. ამ კონსენსუსის დასტური არის ისიც, რომ საგარეო პოლიტიკა მთლიანად დელეგირებული იყო ოპოზიციაზე. ემიგრაციული პერიოდისაგან განსხვავებით, ეროვნულ ინტერესთა სფეროში სრულიად ადეკვატურად თანამშრომლობდა პოზიცია, ოპოზიცია, გენერალიტეტი და სხვ.
  • თითქოსდა სოციალურმა რევოლუციამ, ქართული ნაციონალიზმის შეფერილობა მიიღო. საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სახელმწიფო ინსტიტუტებში, ჯარში, სასამართლოში აიკრძალა რუსული ენა. დაიწყო ქართულ სახელმძღვანელოებზე, ქართულ ტერმინოლოგიაზე მუშაობა. ვისაც აღარ ახსოვდა მანაც ხელახლა დაიწყო ქართულის სწავლა. ამის პარალელურად, ეთნიკური უმცირესობებისთვის არსებობას აგრძელებდნენ სკოლები და ნოყიერი ნიადაგი არსებობდა მათი კულტურული განვითარებისთვის. კიდევ ბევრი მიღწევის ჩამოთვლა შეიძლება და თუ სურვილი გექნებათ, კომენტარებში განავრცეთ სია.

[/checklist]

მე მინდა, ჩემი ოცნება და მიზანი არის:

[checklist]

  • თავი დავაღწიოთ ბოლშევიკების მიერ დაწყებულ და შემდეგ 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის დროს გაგრძელებულ ყალბ ნარატივს.
  • ნუ გადავწერთ ისტორიას, გავითავისოთ ზემოთ, პუნქტებად ჩამოწერილი პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელ მამათა მიღწევები.
  • მივხვდეთ, რომ ჩვენ პირველი რესპუბლიკის არამართო სამართალ, არამედ იდეოლოგიური მემკვიდრეები ვართ. მათი მიზნები არის დღეს ჩვენი მიზნები, მათ ჩაუყარეს დეკოლონიზაციასა და დასავლეთისკენ სვლას საფუძველი. მათ დაიწყეს იმ ინსტიტუციათა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა, რომელსაც ზოგჯერ წარმატებით, ზოგჯერ წარუმატებლად ჩვენ ვაშენებთ.

[/checklist][checklist]

  • სიმბოლიკაში, ისტორიოგრაფიაში, ცნობიერებაში, თარიღებში სათანადოდ დავაფასოთ ჩვენი პირველი რესპუბლიკა. გავაკეთოთ ეს ისე, როგორც ბალტიის რეგიონის სამი სახელმწიფო აკეთებს.
  • 26 მაისი ყველაფერ ზემოთქმულის აღნიშვნის, დაფასების დღესასწაულად ვაქციოთ!

[/checklist]

ვინც “პირველრესპუბლიკელელები” ვართ, ყოველდღე ვიცხოვროთ იმისათვის, რომ ეს მიზნები ასრულდეს, თითო-თითო ქართველი “გადავიბიროთ”, მიუდგომელი სამეცნიერო აზრი შევქმნათ ქართულ ისტორიოგრაფიაში, პოლიტიკოსებამდე მივიტანოთ ის ამბავი, რომ ქუჩების სახელწოდებებში, მათ გამოსვლებში, საზღვარგარეთ შეხვედრებში რაც შეიძლება ხშირად ფიგურირებდეს პირველი რესპუბლიკა!

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ საქართველო!

მასალების გადაბეჭდვის წესი