საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო სამღვდელოებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ არხის არცერთ გადაცემაში მონაწილეობა.
საპატრიარქოს განცხადებამდე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაწყევლა მიტროპოლიტმა იობმა. მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ გაბუნია ჟურნალისტი კი არა “ეშმაკის მსახურია”, “ის არის შეჩვენებული, ის არის წყეული”.
საპატრიარქოს და მღვდელმთავრის რეაქცია მოჰყვა გიორგი გაბინიას გადაცემას “არჩევანი”. გადაცემა შეეხებოდა კანონპოროექტს, რომლითაც შესაძლოა აიკრძალოს მხატვრული ნამუშევარი, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის მოსამართლე. გადაცემის სტუმარი იყო მხატვარი ლია უკლება და გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მისი ნახატი “მარიამი სათამაშო პისტოლეტით” წარადგინა:
“შეამჩნევდით, რომ სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც, როგორც წესი, ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით. იქედან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსასც გააჩენს”,- თქვა გაბუნიამ.
საპატრიარქოს რეაქციის პასუხად “რუსთავი 2″–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ამ განცხადების უკან რამდენიმე მღვდელი და თეთრუაშვილი დგანან. გვარამიამ ასევე თქვა, რომ თუ ამ განცხადების შემდეგ “რუსთავი 2″–ის რომელიმე თანამშრომელს საფრთხე შეექმნება, ეს საპატრიარქოს პასუხისმგებლობა იქნება.