გია ვოლსკი აცხადებს, რომ პარლამენტში დღეს მომხდარი ინციდენტის ანალოგიებს ევროპულ პარლამენტებშიც აქვს ადგილი. იგი მიიჩნევს, რომ გია ბარამიძე ჯაჭვლიანის სიტყვით გამოსვლისას ჟესტიკულაციით პროვოცირებდა:

 

„სოსოს მიმართ რა გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული? ასეთი რამე ხდება ევროპულ პარლამენტებშიც, მაგრამ ერთი ელემენტი არის, რომელიც მხედველობაში უნდა მივიღოთ, უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ როდესაც ადამიანი ასეთ დაძაბულ საკითხზე ლაპარაკობს, არ შეიძლება ბარამიძე, რომელსაც გამოცდილ დეპუტატად მოაქვს თავი, ასეთი უგვანო ჟესტებით რეაგირებდეს, როდესაც ადამიანის სოცოცხლეს, ჯანმრთელობას ეხება საკითხი.

 

ამას სჭირდება პროფესიონალური პასუხი იმის მხრიდან, ვის მიმართაც ბრალდება იყო და არა ხელების ქნევა და უცენზურო სიტყვების თქმა, რამაც გამოწივია ასეთი, შეიძლება არაადეკვატური… საზოგადოების წინაშე ჯაჭვლიანმა მოიხადა ბოდიში და სწორი ქნა. სოსო ჯაჭვლიანი ევროპული დემოკრატიის ფასეულობებზე ლაპარაკობდა და მას იქიდან ბარამიძემ აჩვენა ჟესტი, რომელიც აბსოლუტურად გამომყვანია ადამიანის წყობილებიდან და სიტყვა თქვა ისეთი, რომელიც არ უნდა აკადროს კაცმა კაცს.“

 

კითხვაზე, იმსჯელებს თუ არა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქცია ჯაჭვლიანის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხზე, ვოლსკი პასუხობს:

 

„შეიძლება თქვა, რომ სჯობდა თავი შეგეკავებინა, მეორეჯერ ეგეთი საკითხი ცოტა უნდა ცივი სისხლით მიიღო, იმიტომ, რომ, ნებსით თუ უნებლიეთ, პროვოკაციები არასდროსაა გამორიცხული. სანქცია სოსოს მიმართ არ იქნება.“

 

საიას საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას რეგლამენტის ნორმის დარღვევისთვის, თუმცა, მისივე თქმით, ეს რეგულაცია სრულყოფილი არ არის და ძალიან ბევრი შემთხვევაა რეგულაციის მიღმა დატოვებული:

 

„რაც შეეხება სოსო ჯაჭვლიანის მიერ საკუთარი კოლეგისადმი არანორმატიული ლექსიკის გამოყენებას და გარკვეულ შეხლა-შემოხლას, რომელსაც ჰქონდა ადგილი, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პასუხისმგებლობის სახით გამოიყენება – გაფრთხილება პარლამენტის იმ წევრის მიმართ, რომელიც სჩადის ისეთ მოქმედებას, რაც იწვევს სხდომის შეფერხებას. დღევანდელი ინციდენტი სწორედ ასეთი შინაარსის მატარებელი იყო.

 

ვიდეოკადრებიდან არ იყო შესაძლებელი იმის თქმა, ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონდა თუ არა ადგილი. შესწავლას საჭიროებს დღევანდელი ინციდენტი. კარგი იქნება, თუ სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ვიდეომასალების დამუშავება მოხდება. „ნუ ბლატაობ, შე ჩმორო“- ამ სიტყვების გარდა, გინებაც ისმოდა გავრცელებულ ვიდეოში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, მით უმეტეს, პარლამენტის წევრებს შორის, იმიტომ, რომ მათ სხვა ტიპის პასუხისმგებლობა ეკისრებათ, სხვა ტიპის მოლოდინები არსებობს მათთან და მათ ქცევასთან მიმართებაში.”

 

თოდუა აქცენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე აკეთებს და ამბობს, რომ დღევანდელი ინციდენტი თავისი შინაარსით წვრილმან ხულიგნობას ჰგავს:

 

„თუმცა უნდა ითქვას, რომ პარლამენტის წევრზე ჩვეულებრივად ვრცელდება სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არის 166-ე მუხლი, რომელიც წვრილმან ხულიგნობას ეხება და ასეთ ქმედებად მიიჩნევა საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეების შეურაცხყოფა და სხვა ქმედებები, რომლებიც არღვევს საზოგადოების სიმშვიდეს. ვფიქრობ, რომ დღევანდელი ინციდენტი ნამდვილად არის შესასწავლი ამ მუხლთან მიმართებაში და შესაბამისი რეაგირებაც უნდა მოჰყვეს. პარლამენტის რეგლამენტში არ უნდა ვეძებოთ სანქცია, არამედ ეს სანქცია უნდა ვეძებოთ კანონმდებლობაში.”

 

თოდუას ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია, ფაქტზე ადეკვატური რეაგირება თვითონ პარლამენტში მოხდეს:

 

„მნიშვნელოვანია, რომ ინციდენტზე ადეკვატური რეაგირება მოხდეს პარლამენტში, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის ამ წევრს მისცენ გაფრთხილება, ასევე გაიმართოს მსჯელობა პარლამენტში, თუ რა ტიპის ქცევა არის ეთიკური პარლამენტის წევრის მხრიდან, ასევე სამართალდამცავების მხრიდან საინტერესო იქნება, წვრილმან ხულიგნობას ჰქონდა თუ არა ადგილი.“

 

 “ნუ ბლატაობ, შე ჩმორო”, – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა საპარლამეტნო უმცირესობის წევრს – გიორგი ბარამიძეს მიმართა, რასაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *