ვინ არიან ისინი, ვინც სამოქალაქო გვარდიის შექმნით იმუქრებიან

ვინ არიან “ეროვნული ერთობის” წევრები, ვინც ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეების საწინააღმეგოდ სამოქალაქო გვარდიის შექმნას გეგმავენ და საწინააღმდეგო აზრის მქონე მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან?

“ეროვნულ–სოციალისტური მოძრაობა საქართველოს ეროვნული ერთობა” 2016 წლის 2 ნოემბერს დაფუძნდა. ის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის სტატუსით, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ისე არსებობს.

მოძრაობის მმართველობითი ორგანოა დარბაზი. მას ჰყავს მეთაური, მწიგნობართუხუცესი და სამწიგნობრო. ასევე ჰყავს “შავმაისურიანები”, რომელთაც ოცმეთაურები და ასმეთაურები ხელმძღვანელობენ.

სათათბირო ირჩევს მოძრაობის მეთაურს და მწიგნობართუხუცესს 1 წლის ვადით და ასევე ათავისუფლებს მათ, თუ ამისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს. მთავარ დარბაზს ირჩევენ 2 წლის ვადით.

რაც შეეხება სამწიგნობროს, მის შემადგენლობაში შედიან კონკრეტული მიმართულების მწიგნობარნი, რომლსაც მწიგნობართუხუცესის წარდგინებით ნიშნავს მთავარი დარბაზი.

ორგანიზაციამ თავის სიმბოლოდ აიღო შავი ფერი, რომელიც ბორჯღალითაა შემკული. მათ გერმანული ფაშიზმის მიერ აღებული სვასტიკა შეცვალეს ბორჯღალით და ჯვრით.

მოძრაობის წევრების მიერ ჩაწერილი ვიდეომიმართვების მიხედვით, რომლებსაც სოციალურ ქსელებში ავრცელებენ, ხშირად აქვთ იარაღი. ერთ–ერთი მსგავსი ვიდეოს შედეგად შსს–მ 16 აპრილს იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვის მუხლით გამოძიება დაიწყო, თუმცა, როგორც დღეს, 14 მაისს, შსს–მ განგვიცხადა, აღმოჩნდა, რომ ეს იარაღები პნევმატური იყო, ამიტომ გამოძიება შეწყვიტეს.

ეროვნულ–სოცილისტური მოძრაობის წევრები გამოეხმაურნენ ბელიაშვილის ქუჩაზე ნიგერიელ სუდენტებზე თავდასხმას და განაცხადეს, რომ ყველა გვერდში უნდა დაუდგეს იმ ადამიანებს, ვინც “საკუთარ ტერიტორიას”, ამ შემთხვევაში უბანს, იცავს.

ისინი ხაზს უვამენ იმას, რომ სჯერათ პატრიარქატის და კაცი არის მეთაური, თუმცა თავის გაერთიანებაში ქალებსაც იღებენ. მოძრაობის მეთაურმა გიგა ჭელიძემ ერთ–ერთ ვიდეოში აღნიშნა, რომ აქვს ვინჩესტერის მარკის იარაღი.

კონტრაქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან 13.05.18

12–13 მაისს ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით გამართული აქციის საპასუხოდ ისინი ქუჩაში გამოვიდნენ და აცხადებდნენ, რომ შექმნიან რაზმეულებს, დაიწყებენ ქალაქში პატრულირებას, რათა თავად აღკვეთონ ის “უკანონობა”, რომელსაც პოლიცია ვერ ან არ აღკვეთს. მათი მხრიდან ისმოდა ძალადობრივი მოწოდებები, მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა. დაჯგუფების წევრთა ნაწილი ნიღბით მალავდა საკუთარ სახეს.

ორგანიზაციაში იღებენ პირებს 18 წლის ასაკიდან. მათ ევალებათ წესდების მკაცრად დაცვა. წევრები ვალდებული არიან ყოველთვიურად გადაიხადონ საწევრო გადასახადი მინიმუმ 1 ლარის ოდენობით.