გახარია: ხალხის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია, მიუხედავად ორიენტაციისა და მრწამსისა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, “ჩვენი თავისუფლებისთვის” აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრის შემდეგ დემონსტრანტებს ბოდიშს უხდის. მისი თქმით, ის ბოდიშს იხდის არა მხოლოდ მისი, არამედ უწყების სახელითაც. როგორც გახარია განმარტავს, შექმნილ ვითარებაში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და ჯანრმთელობა, მიუხედავად მათი ორიენტაციისა და მრწამსისა, ყველაზე მნიშვნელოვანია.

“თითოეული მოქალაქის უსაფრთოხება და ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არ აქვს არანაირი მნიშვნელობა მის ორიენტაციას თუ რელიგიურ მრწამსს. ასევე, რა თქმა უნდა, მინდა მივმართოთ ყველა მოქალაქეს, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე არის შეკრებილი, ჩვენ ყველამ უნდა ვეცადოთ და შევინარჩუნოთ ის მიღწევები, თავისუფლებისა და გამოხატვის, რომელიც გვაქვს და არ შევიდეთ კონფლიქტში, რომელიც დაგვაკარგვინებს დროს. ამ წუთიდან დავემორჩილოთ პოლიციის მითითებებს, ხვალ ჩემი დაპირებების გათვალისწინებით, მივცეთ საშუალება თბილისს, იცხოვროს ჩვეულებრივი, სამუშაო, ნორმალური ორშაბათი დღით. თქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავალი და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ადამიანი, რომელიც დღეს დგას ქუჩაში, არის ღირებული ამ ქვეყნის მომავლისთვის,”- განაცხადა გახარიამ.

ტვ პირველის ცნობით, 23:04 საათზე შინაგან საქმეთა მინისტრისა და აქციის წევრების, მათ შორის, ბექა წიქარიშვილის, სოფო ვერძეულის, ვახუშტი მენაბდის და ნაჯა ორაშვილის შეხვედრა დაიწყო.

ბექა წიქარიშვილი წარმოადგენს “თეთრი ხმაური მოძრაობას”, სოფო ვერძეული – “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს”, ნაჯა ორაშვილი არის კლუბ “ბასიანის ” დამფუძნებელი, ვახუშტი მენაბდე კი არის კონსტიტუციონალისტი და აქტივისტი.

შეხვედრა პარლამენტის შენობაში მიმდინარეობდა. გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ მივიდა, რაც აქციას “ჩვენი თავისუფლებისთვის” ნაციონალისტური ჯგუფები კონტრაქციით დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის ტექნიკა.

საპროტესტო აქცია თბილისში 12 მაისს კლუბ “ბასიანში” და “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას მოჰყვა.

მოვლენათა ქრონოლოგია