წიქარიშვილი: შსს დაგვპირდა, რომ ვინც პარასკევს გადაცდომები ჩაიდინა, ყველა პასუხს აგებს

დღეს, 13 მაისს, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია “ჩვენი თავისუფლებისთვის” აქციის წევრებსა და ორგანიზატორებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, მათ შსს-გან დაპირება მიიღეს, რომლის მიხედვითაც, ყველა ის პირი, რომელმაც 11 მაისის მოვლენებისას გადაცდომები ჩაიდინეს, პასუხს აგებენ.

როგორც წიქარიშვილი განმარტავს, ამ საკითხზე შს მინისტრთან მორიგი შეხვედრა ხვალაც გაიმართება. გარდა ამისა, მისივე სიტყვებით, გახარიამ განაცხადა, რომ ნარკორეფორმაზე მუშაობა განახლდება და კონკრეტული პროგრესი უახლოეს დღეებში დადგება. მისივე თქმით, გახარია მზადაა ამის შესახებ საჯაროდ განაცხადოს.

ტვ პირველის ცნობით, 23:04 საათზე შინაგან საქმეთა მინისტრისა და აქციის წევრების, მათ შორის, ბექა წიქარიშვილის, სოფო ვერძეულის, ვახუშტი მენაბდის და ნაჯა ორაშვილის შეხვედრა დაიწყო.

ბექა წიქარიშვილი წარმოადგენს “თეთრი ხმაური მოძრაობას”, სოფო ვერძეული – “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს”, ნაჯა ორაშვილი არის კლუბ “ბასიანის ” დამფუძნებელი, ვახუშტი მენაბდე კი არის კონსტიტუციონალისტი და აქტივისტი.

შეხვედრა პარლამენტის შენობაში მიმდინარეობდა. გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ მივიდა, რაც აქციას “ჩვენი თავისუფლებისთვის” ნაციონალისტური ჯგუფები კონტრაქციით დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის ტექნიკა.

საპროტესტო აქცია თბილისში 12 მაისს კლუბ “ბასიანში” და “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას მოჰყვა.

მოვლენათა ქრონოლოგია