რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სადაც ძირითადი აქცია და მისი კონტრაქცია იმართება, წყლის ჭავლის მანქანები და სპეცრაზმი გამოჩნდა. რუსთაველის გამზირის ორივე მხარეს შეკრებილნი არიან ნაციონალისტური ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ პარლამენტის წინ შეკრებილებთან მისვლას. მათი მხრიდან ისმის ძალადობრივი მოწოდებები. ნაციონალისტები ძირითადი აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ.

ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის მიერ სრულად ბლოკირებულია, რათა კონტრაქციის მონაწილეებმა ვერ შეძლონ იმ ადამიანებთან მიახლოება, რომლებიც მეორე დღეა დედაქალაქის ცენტრში ძალადობისა და მკაცრი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ აქციას  მართავენ.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიციას ნებისმიერი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდა. ორდღიანი დუმილის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მთავრობის მეთაურმა არაფერი თქვა მისი გადადგომის მოთხოვნასა და იმ კითხვებზე, რაც მის მიმართ, აქციის მონაწილეების გარდა, ჟურნალისტებსაც ჰქონდათ.

მოვლენათა ქრონოლოგია