ახალი ამბები

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი გაბედავა დააკავეს

13 მაისი, 2018 • 3752
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი გაბედავა დააკავეს

რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს გიორგი გაბედავა, რომელიც დღეს, 13 მაისს, ნაციონალისტური მოძრაობების კონტრაქციაში მონაწილეობდა.

შსს-ს ინფორმაციით, ის ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული.

ნაციონალისტური მოძრაობა “ეროვნული ერთობა”, რომლის წევრებიც საკუთარ თავს “შავპერანგიანებს” უწოდებენ”, დღეს დილიდან ძალადობრივი ქმედებებით იმქურება. გიორგი გაბედავა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მისვლას სწორედ მათთან ერთად ცდილობდა.

“სისხლს მოითხოვენ? ზღვა სისხლს მიიღებენ!” – აცხადებენ ისინი და ამბობენ, რომ შექმნიან რაზმეულებს, დაიწყებენ ქალაქში პატრულირებას, რათა თავად აღკვეთონ ის “უკანონობა”, რომელსაც პოლიცია ვერ ან არ აღკვეთს. როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა განმარტა, მან იგულისხმა, მაგალითად, 9 აპრილის მონუმენტზე აქტივისტის ცეკვის ფაქტი.

მოვლენათა ქრონოლოგია


  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
  • პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა. უცნობია, როდის განიხილავს ამ პირებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს სასამართლო.
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.
  • 12 მაისის შუადღის სამი საათიდან გვიან ღამემდე პარლამენტთან მიმდინარეობდა აქცია-კონცერტი სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, ასევე, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.
  • სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნარკორეალიზებაში ბრალდებულები კლუბებში სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და მათი დაკავების ადგილი რომელიმე კლუბი არ ყოფილა;
  • ნარკორეალიზაციაში ბრალდებულთა ადვოკატები ამბობენ, რომ მათ ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს და შესაბამისად, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. ერთი-ერთი ადვოკატის თქმით კი, რვავე ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენებას ერთი მოწმე აძლევს და ყველა შემთხვევაში საუბარია ერთი და იგივე ნივთიერების გასაღებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი