აქციის მონაწილეებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

იმ დამიანებმა, რომლებიც უკვე მეორე დღეა თბილისის ცენტრში აქციას მართავენ მკაცრი ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნითა და ძალადობის წინააღმდეგ, დღეს, 13 მაისს, პარლამენტის წინ მდებარე 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

აღნიშნულს წინ უძღოდა საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გუშინ მომხდარი ფაქტის გამო, როდესაც ერთმა აქტივისტმა მემორიალზე იცეკვა.

“ცეკვა არ შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი”, – ასე პასუხობს აქციის მონაწილე ვახუშტი ბაგრატიონი საზოგადოების ნაწილს. მისივე თქმით, იმის დასტურად, რომ ისინი პატივს სცემენ 9 აპრილის გმირებსა და მათ მონაპოვარს, მათ მემროიალთან ყვავილები მიიტანეს.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ბექა წიქარიშვილმა საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ცეკვის გამო თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, ბოდიში მოუხადა. მისი თქმით, ეს არ ყოფილა მიზანმიმართული აქტი.

აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე იკრიბებიან. მათი მოთხოვნები უცვლელია. ჯეჯერობით, მეორე დღეა დუმილს ინარჩუნებს საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. რუსთაველზე მიმდინარე აქციის მოთხოვნების ერთ-ერთი მთავარი ადრესატი სწორედ ის არის. ისინი სამართალდამცავებს მოუწოდებენ, პასუხი აგებინონ თავიანთ რიგებში არსებულ მსხვილ ნარკოლეარიზატორებს და მხოლოდ ქვედა რგოლის გამსაღებლების დაკავებით არ დაკმაყოფილდნენ.