ნიუ-იორკში სოლიდარობის აქცია გაიმართება – “ჩვენი თავისუფლებისთვის”

ნიუ-იორკში თბილისის პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტების მხარდასაჭერად ხვალ, 13 მაისს სოლიდარობის აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, თუ თბილისში შეკრებილი დემონსტრანტები პარლამენტთან ცეკვავენ – ნიუ-იორკში შეკრებილები მათ ბრუკლინიდან შეუერთდებიან.

“როგორც მოგეხსენებათ, 11 მაისს თბილისში სპეცრაზმმა რეიდი მოაწყო თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში და გამოიყენა არაპროპორციული ძალა. რეიდი მოხდა 8 ადამიანის დასაჭერად, რომელსაც 3 თვეა უთვალთვალებენ. აღნიშნული ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მიზანი რეიდის იყო თავდასხმა კლუბური ცხოვრების წესსა და თავისუფლებაზე, ძალის უმიზნო დემონსტრირება და ამიტომ სოლიდარობის ნიშნად ჩვენ ვცეკვავთ ბრუკლინში თავისუფლებისთვის.

ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ, შემოგვიერდით ხვალ, 2 საათიდან ქვემოთ მითითებულ მისამართზე. ხვალ ცნობილი Day Party – Tiki Disco-ს ორგანიზატორებმა ნება დაგვრთეს, რომ ბანერებით შევიდეთ. ივენთის ბილეთების ბმული ნახეთ ქვემოთ (10$) სამწუხაროდ, ბილეთის გარეშე შესვლა ვერ მოხერხდება. ვიცი, ბევრს უნდოდა გარეთ შეკრება, მაგრამ ეს ნებართვის მიღებასთან არის დაკავშირებული, რისი მოსწრებაც ვერ ხერხდება. ჩვენები პარლამენტთან ცეკვავდნენ – ჩვენ ბრუკლინიდან შევუერთდეთ,”- ნათქვამია აქციის აღწერაში.

სოლიდარობის აქცია, გარდა ნიუ-იორკისა, ხვალ ბერლინშიც გაიმართება.

რაც შეეხება თბილისის აქციას, მონაწილეების მთავარი მოთხოვანაა, დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა შეიცვალოს, ასევე,  12 მაისს თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების გამო პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვონ.