“ჯეოსელმა” პარლამენტთან აქციაზე ინტერნეტის გამაძლიერებელი ტექნიკა მიიტანა

“ჯეოსელმა” პარლამენტთან აქციაზე ინტერნეტის სიხშირის გამაძლიერებელი ტექნიკა მიიტანა. ინფორმაცია ნეტგაზეთს ჯეოსელში დაუდასტურეს.

როგორც კომპანიის პრესსამსახური ჩვენთან საუბარში განმარტავს, მსგავსი ტექნიკის გამოყენება ხალხმრავალ ადგილებში დამკვიდრებული პრაქტიკაა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება კომპანიამ სიგნალზე დაკვირვების შედეგად მიიღო.

მანამდე აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მათ ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდათ. ქსელთან წვდომის პრობლემა დღეს ადგილზე მომუშავე ნეტგაზეთის ჟურნალისტებსაც ჰქონდათ.

“ვიცეკვოთ ერთად ჩვენი თავისუფლებისთვის” – თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდინარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს, რომელიც პასუხია 12 მაისს, ღამით, თბილისის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციებისა. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.