კალაძე: მიმდინარეობს სპეკულირება, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, რასაც არ ვეთანხმები

თბილისის მერი კახა კალაძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ 12 მაისს თბილსიის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია არის დარტყმა კლუბურ ცხოვრებასა და ღამის ეკონომიკაზე. თითქმის 20-საათიანი დუმილის შემდეგ, ქალაქის მერმა ამის შესახებ ქართული ოცნების ოფისში ისაუბრა.

“ვისმენ არაერთგვაროვან განცხადებებს და მიმდინარეობს სპეკულირება, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე, რაშიც ნამდვილად ევრ დავეთანხმები.  საუბარია, რომ ეს არის დარტყმა კლუბურ მუსიკაზე და მის მომავალ განვითარებაზე. აქ ნამდვილად ვერ დავეთანხმები ამ ადამიანებს. კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ღამის ეკონომიკა კიდევ უფრო განვითარდება და კლუბური სცენა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, აუცილებლად გაგრძელდება და ჩვენი მხრიდან იქმნება მაქსიმალური თანადგომა. ჩვენ ვამაყობთ იმ წარმატებებით, რაც ამ მიმართულებით გააჩნია დედაქალაქს “, – თქვა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, “ერთად უნდა ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს”:

“ეს ყველაფერი სერიოზულად ურტყამს თუნდაც კლუბურ მუსიკას, იმ კონკრეტულ ახალგაზრდებს, ჩვენ გვიკვდება შვილები, ჩვენ გვიკვდება ძმები, დები, ჩვენი თანამოქალაქეები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს პარლამენტის წინ გამოსულები არიან და მართავენ აქციას, დაგვიდგებიან გვერდით”.

როგორც კალაძე ამბობს, არსებული ნარკოპოლიტიკა მისაღები არავისთვის არ არის და შესაცვლელია. ის ახალგაზრდებს იდეების გაცვლას სთავაზობს.

თბილსისი მერის თქმით, სპეცოპერაციის ჩატარების ფორმაზე მსჯელობა შეიძლება, თუმცა ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.