ორგანიზატორებმა პრემიერს პოზიციის დასაფიქსირებლად ვადა 10 საათამდე მისცეს

აქციის ორგანიზატორებმა  პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს 10 საათამდე მისცეს ვადა იმისთვის, რომ განაცხადოს, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას 12 მაისს თბილისის ორ კლუბში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე. ერთ-ერთი ორგანიზატორის ბექა წიქარიშვილის განცხადებით, თუ პრემიერი 10 საათმდე განცხადებას არ გააკეთებს, აქციის მონაწილეები კარვების გაშლას დაიწყებენ.

“მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრისგან დღეს, საღამოს 10 საათმდე, პირდაპირ ეთერში გააკეთოს საჯარო განცხადება, გრძნობს თუ არა საკუთარ პასუხისმგებლობას იმისთვის, რაც გააკეთა. ან თუ ვერ გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას, ვის აკისრებს მას ამ გაუგონარ ძალადობაზე. მან უნდა დაასახელოს კრიზისის გადაჭრის კონკრეტული გეგმა.  წინააღმდეგ შემთხვევაში კარვების გაშლას დავიწყებთ,”-აცხადებს ბექა წიქარიშვილი.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, აქცია “ჩვენი თავსიფულებისთვის” მიმდინარეობს. მათი მთავარი მოთხოვანაა, დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა შეიცვალოს, ასევე  12 მაისს თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების გამო პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვონ.