დუმილი – კვირიკაშვილი და კალაძე ამ დრომდე არ საუბრობენ კლუბებში სპეცრაზმის შეჭრაზე

თითქმის 18 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის ღამის კლუბებში სპეცრაზმი შეიჭრა, რასაც დღეს მრავალათასიანი აქცია მოჰყვა, თუმცა პრემიერი კვირკაშვილი და დედაქალაქის მერი კალაძე ამ დრომდე სდუმან.

“ნეტგაზეთს” ორივე მაღალჩინოსნის პრესსამსახურებში განუცხადეს, რომ მათ საჯარო განცხადება ჯერ დაგეგმილი არ აქვთ და თუ მსგავსი რამ დაიგეგმა, შეგვატყობინებენ.

“ჩვენი თავისუფლებისთვის” – ათასობით მოქალაქე თბილისსა და ბათუმში ამ ლოზუნგით მართავს აქციებს. ისინი 12 მაისს, გამთენიისას, თბილისის ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრისა და გამოვლენილი სისასტიკის გამო პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ. გარდა ამისა, მოქალაქეები მოითხოვენ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზებასა და პოლიციური რეჟიმის შემსუბუქებას. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სადაც ათასობით ადამიანია შეკრებილი, მობილიზებულია ასეულობით სამართალდამცავიც.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ სამართალდამცავთა მიერ კლუბების რეიდის მიზანი არა ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, არამედ ძალის დემონსტრირება და მოქალაქეთა დაშინება იყო.